საქართველო, როგორც საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი - ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის ძირითადი თემა საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმზე, რომელიც დღეს მინსკში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა საუბრისას ყურადღება საქართველოს მიღწევებსა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს დაუთმო.
„საქართველო მეტად სახარბიელო შესაძლებლობებს გვთავაზობს რეგიონში ევროპული ბიზნესის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და იდეების განსახორციელებლად. თქვენს განკარგულებაშია უფასო, ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური ბიზნესგარემო, მარტივი საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სისტემა, არაკორუმპირებული და ბიზნესისადმი მეგობრული მთავრობა, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები (FTA და GSP) მრავალ პარტნიორთან, დაბალფასიანი და პროფესიულად მომზადებული მუშახელი, სტაბილური საბანკო სექტორი, ვალუტის გაცვლის შეზღუდვების არარსებობა. საქართველოს უკვე 44 ქვეყანასთან აქვს დადებული ხელშეკრულებები, გადასახადებით ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებზე ისაუბრა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ეროვნული საინვესტიციო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს, რაც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის სტიმულირებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, მუშაობს ახალ კანონზე, რომელმაც უნდა გააერთიანოს ორი ძირითადი კანონი ინვესტიციების ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ.
„ჩვენ შევიმუშავებთ ერთიან, მოწინავე საკანონმდებლო აქტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინვესტორთა უფლებებსა და გარანტიებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესაბამისად", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, მცირე და საშუალო საწარმოები ქვეყნის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს და სწორედ მათი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისათვის შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომლის მიზანია ფინანსური და ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, ექსპორტის ხელშეწყობა, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ბიზნესის წარმოების უნარების განვითარება და ა.შ.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" შესახებ, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
„პროგრამას 2 მიმართულება აქვს - სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 154 პროექტის ხელშეწყობა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 375 მილიონ ლარს აღემატება", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დაასახელა ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამები და ფონდები:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმზიდველი ეროვნული საინვესტიციო კლიმატის გარდა, მნიშვნელოვნად ფართოვდება ექსპორტის შესაძლებლობები, კერძოდ, საქართველოს აქვს შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები პარტნიორ ქვეყნებთან:
„ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტია იმ შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოყენება, რომლებსაც DCFTA უზრუნველყოფს. DCFTA -ის ეფექტიანი განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შეუქმნის უფრო ხელსაყრელ პირობებს, წაახალისებს ეკონომიკის მოდერნიზაციას. გარდა ამისა, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან და ვიმედოვნებთ, ეს პროცესი 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჩვენ ასევე დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს მიმზიდველობას, სხვა ძირითადი მიმართულებების გარდა, მისი სტრატეგიული მდებარეობაც განაპირობებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს, როგორც ტვირთების გადაზიდვისა და აზიიდან ევროპაში ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების რეგიონალური ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება; ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ძირითადი რეგიონალური სატრანზიტო მარშრუტები საქართველოზე გაივლის.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არსებული სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, საქართველო მრავალ მასშტაბურ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს:
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის" შესახებ, რომელიც იყო მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, რათა გაფართოებულიყო თანამშრომლობა ოთხ ძირითად დარგში - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სახალხო დიპლომატია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფორუმმა ბევრი ქვეყანა და აბრეშუმის გზის მარშრუტთან დაკავშირებული ბიზნესის მთავარი ხელმძღვანელები დააინტერესა.
ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაური ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასაც შეეხო.
„2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 1.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 97%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ეს გარემოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში და მისი ფარგლების გარეთ არსებული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის პირობებში, რომელმაც არაერთი მეზობელი ქვეყნის განვითარება შეანელა. 2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ფინანსების, მშენებლობის, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებზე მოდიოდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბელარუსის პრემიერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო თანამშრომლობის ბევრი საინტერესო მიმართულება, მათ შორის საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიების სფერო, ტრანსპორტი, ტურიზმი და სხვა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სექტემბერში თბილისი ბელარუსის ტექნოლოგიების გამოფენას უმასპინძლებს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის პირველი შედეგები წლის ბოლოსთვის უკვე გამოჩნდება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ბელარუს-საქართველოს ბიზნესფორუმი ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ბიზნესფორუმის გახსნაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელარუს კოლეგასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ანდრეი კობიაკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი რიგი მიმართულებებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა 200 მილიონ აშშ დოლარამდე. ანდრეი კობიაკოვმა საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ ტენდენციაზეც ისაუბრა. ბელარუსის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ბიზნესფორუმში 50-მდე ქართულმა და ბელარუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომპანიებმა, ფორუმის დასრულების შემდეგ, საკუთარი პროდუქცია საქართველოსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრებს წარუდგინეს.