ავტორი შორენა ღვაჩლიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება" ოთხი წლის განმავლობაში ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ქვეყანაში. „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მან „ნაციონალური მოძრაობის" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი მმართველობის დროს შემოღებული ძალიან ბევრი კანონი რევიზიას მოითხოვს.
„ამ ეტაპზე ახალ პარლამენტში ერთმანეთში აზრების გაცვლა-გამოცვლა და გაცნობის პროცესი მიმდინარეობს. ხალხის დაჯგუფება, ალბათ, ინტერესების მიხედვით მოხდება. დამერწმუნეთ, იქ ბევრი ჯანმრთელი აზრი ტრიალებს, რაც საზოგადოებაზე დადებითად აისახება.
ახალ პარლამენტს და საკონსტიტუციო უმრავლესობას ძალიან კი ლანძღავენ ოპონენტები, მაგრამ, მერწმუნეთ, იქ ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებიც კარგად იცნობენ ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას. მათ ბევრი ძალიან კარგი ინიციატივა აქვთ, რომელთა განხორციელება თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე დადებითად აისახება.
„ნაციონალური მოძრაობის" დროს მიღებული ბევრი კანონი რევიზიას მოითხოვს. მოგეხსენებათ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კანონები ყოველთვის ორმაგად იკითხებოდა და მათი ინტერპრეტაცია ჩინოვნიკებს შეეძლოთ. მათი ძალადობრივი მმართველობის დროს, კანონს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და პირად გადაწყვეტილებებს ჰქონდა ადგილი.
რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა" - ეს ის ხალხია, რომელიც საზოგადოებას მუდამ უკან ექაჩებოდა და აღატაკებდა. „ქართული ოცნება" კი, ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს ოთხი წელიწადი რეალური ცვლილებების პერიოდი იქნება", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.