logo_geo
eng_logo
სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა
- +

13 დეკემბერი. 2016. 19:21


 

 

 

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრი გორგასლიანი" დასრულდა. სპორტის სახეობებსა და გუნდურ თამაშებში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.


საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. დამსწრე საზოგადოება და სამხედროები საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ დალოცა. მან სამხედროებს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე მიულოცა დასამხედრო კარიერული წინსვლა უსურვა.


„გორგასლიანის" ტურნირში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა გენერალური შტაბის უფროსმა. ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მოსამსახურეებს ტურნირში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ქართულ ქვედანაყოფებში გუნდურობის პრინციპზე ისაუბრა და ამ საქმეში სპორტული ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


წელს „გორგასლიანი" სპორტის ექვს სახეობაში ჩატარდა: ლელო-ბურთი, შვიდკაცა რაგბი, ჭადრაკი, ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით, საბრძოლო მრავალჭიდი და მძლეოსნობა-ესტაფეტა. 


„გორგასლიანის" ტურნირში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხარისხობრივი მედლები, სიგელები, პირველადგილოსნებს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი სახეობების მიხედვით გადაეცათ. 
ტურნირის ოთხ გუნდურ სახეობაში - შვიდკაცა რაგბი, ხელჩართულ ბრძოლა, საბრძოლო მრავალჭიდი და მძლეოსნობა-ესტაფეტა - პირველობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა მოიპოვეს. ხოლო შეჯიბრის მთავარი პრიზი - მგლისგამოსახულებიანი მუზარადი და ორიგინალი საბრძოლო ფარ-ხმალი სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცა.


შეჯიბრი „გორგასლიანი" სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად. ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადებისა და ქვედანაყოფების ჯარისკაცები ღებულობენ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner