უამინდობის გამო ფოთის პორტში გემების შეყვანა-გაყვანის პროცესი შეჩერებულია. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი" იუწყება, ძლიერი ღელვის შედეგად სანაპირო ზოლზე დიდი რაოდენობით ქვიშაა დაგროვილი. საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელების განცხადებით, პორტის ადმინისტრაციას დროულად უნდა მიეღო ზომები და არხის გაწმენდა უზრუნველეყო. მათი თქმით, ტვირთი პორტში ვერ შედის და ამით ზარალდებიან. ისინი ყურადღებას ითხოვენ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძის განცხადებით, ფოთის პორტის მმართველი კომპანია შესასვლელი არხის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს ატარებს და მათი ინფორმაციით, შექმნილი ვითარება კვირის ბოლომდე მოგვარდება. მამუკა ახალაძის თქმით, რამდენიმე გემის გადამისამართება ბათუმის ნავსადგურში მოხდა.
„ბოლო დღეებში უამინდობისა და შტორმის გამო ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხი რეალურად დაიკეტა, რადგან წყლის სიღრმემ არხში საგრძნობლად იკლო. როგორც წესი, წყლის სიღრმე უნდა იყოს 10,5 მეტრი და ამჟამად 6 მეტრია. ამის მიზეზია შტორმის შედეგად არხში ზღვის ფსკერიდან შემოტანილი ბუნებრივი ნარჩენები. ამის გამო გემების შესვლა-გამოსვლა არის ძალიან გართულებული. სატვრთო გემები ვერ შედიან და გამოდიან. ფოთი პორტის მმართველი კომპანია შესასვლელი არხის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს ატარებს", - განაცხადა ახალაძემ.