logo_geo
eng_logo
ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შიმშილობენ
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

23 მარტი. 2016. 17:16


„გაერთიანებული საზოგადოების" ხელმძღვანელმა ანი დარსალიამ „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ზუგდიდში მოშიმშილე სამარშუტო ტაქსის მძღოლების აქციაზე, რომელიც სამართალდამცავების მიერ იქნა დარბეული.



„ ყველასთვის ცნობილია, რომ ზუგდიდი-თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. პირველი აქცია მათ გამართეს 17 მარტს ზუგდიდში კომპანია „მეტრო ჯორჯიას" უკანონოდ აშენებულ სადგურთან.  პოლიციამ 6 პირი დააკავა, ასევე იყო დარბევის ფაქტებიც. ჩვენ, „გაერთიანებული საზოგადოება", ორი თვეა ამ თემაზე ვმუშაობთ. ადგილზეც ჩავედით, გავეცანით არსებულ სიტუაციას. მოვითხოვე 21 მარტამდე გუბერნატორთან და მერთან შეხვედრა, რათა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის  კითხვებზე გაეცათ პასუხი. სამწუხაროდ, არანაირი სურვილი არ გამოუხატავთ, რომ აღნიშნული პრობლემა დიალოგის გზით მოგვეგვარებინა  და არ გამართულიყო ასეთი მძიმე აქცია, რაც შემდეგ 21 მარტს მოხდა.

 

 

21 მარტს ფართომასშტაბიანი აქცია მოეწყო, სადაც  600-მდე ადამიანი იყო გამოსული. აქცია სანქცირებული იყო, ხაზს ვუსვამ, რომ მერიამ  ნებართვა მოგვცა.  შემოფარგლულ  ტერიტორიაზე  ჩავატარეთ სანქცირებული აქცია, კანონის სრული დაცვით. მძღოლებს პასუხს რომ არავინ სცემდა, მოვითხოვე, გამოსულიყვნენ ზუგდიდის მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა, თავი არავის შეუწუხებია. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „გაერთიანებულმა საზოგადოებამ" და გაფიცულმა მძღოლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავმსხდარიყავით საშიმშილოდ და ეს პროტესტი დაენახა არამარტო ზუგდიდს, არამედ მთელ საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის პრობლემა, ეს არის სრულიად საქართველოს პრობლემა.

 

 

შემოფარგლულ ტერიტორიაზე მძღოლებმა მოიტანეს კარავი. დამადასტურებელი კადრები მაქვს, რომ   ჩემს თვალწინ მოხდა ადამიანების სიტყვის შეზღუდვა, ამ დარბევაში მოვყევი მეც. არადა, აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება ჰქონდათ, ეს იყო მათი პირადი საკუთრება და შემოფარგლული ადგილას შლიდნენ კარავს. როგორც ჩანს, პოლიციამ გუბერნატორ ირაკლი შონიასგან მიიღო დავალება, რომ მისი შენობის მოპირდაპირე მხარეს არ ესიმოვნებოდა მოშიმშილე ადამიანების ყურება.  პოლიციამ ძალის გამოყენებით, პოლიციის უფროსის კობა ხარებავას ე.წ „კორმას" მეთაურობით (რომელიც ახალაიას კადრია, შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს ამ ხელისუფლების პირობებში და გუბერნატორმა ირაკლი შონიამ დააბრუნა ადგილზე), დაარბია ეს აქცია. 2016 წელს ზუგდიდში  სამართალდამცავების, გუბერნატორის მხრიდან იზღუდება ადამიანების სიტყვის თავისუფლება.  ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს, რომ ამით ჩააქრონ პროტესტი.  ჩემი იქ ყოფნა, როგორც ჩანს, სამართალდამცავებმა ვერ შეამჩნიეს, რადგან ოდნავ მოშორებით ვიდექი, მხოლოდ ჩემი კივილის შემდეგ მიხვდნენ, რომ აქციაზე თბილისიდან ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციები იმყოფებოდნენ და გაეცალნენ სიტუაციას. ჩვენ გავაგრძელეთ კარვის გაშლა, თუმცა 10 წუთში პოლიცია კვლავ შემოგვესია, დაიწყეს მძღოლების ძალისმიერი მეთოდებით კარვებიდან ამოყვანა. ძალის გამოყენებით უნდოდათ ჩვენი დაშლა,  ანუ სანქცირებული აქცია პოლიციის მხრიდან  იქნა დარბეული. წაგვართვეს კუთვნილი კარავი, მძღოლებს არ მისცეს უფლება,  თავიანთი პროტესტი გამოეხატათ. ზუგდიდში ჯერ კიდევ 90-იანი წლებია, კვლავ ახალაიების კლანი ბოგინობს, ისევ იზღუდება სიტყვის თავისუფლება.

 

ამის შემდეგ ჩვენ შევხდით მერს,  ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა, ის ნამდვილად შეწუხებული იყო მომხდარით,   ამ აქციის დარბევაზე ის პასუხისმგებელი არ არის. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მან კომპანია „მეტროს" შემოსვლა გააჩერა. 

 

 

მძღოლები ორი დღეა გაფიცულები არიან და შიმშილობენ. ზუგდიდი-თბილისის, ფოთი-თბილისისა და დასავლეთ საქართველოს სხვა მიმართულებით ყველა ხაზი გაჩერებულია, ვერავინ შეძლებს გადაადგილებას.  სამწუხაროდ, არავინ დაინტერესებულა ამ ადამიანების ბედით, მხოლოდ პარლამენტარი მანანა კობახიძე დაინტერესდა.

 

 

ხვალ ჩავდივარ ჩემს მომიტინგეებთან,  ალბათ,  შევხვდებით ქალბატონ მანანა კობახიძეს  და  აქციის დარბევის კადრებსაც აუცილებლად ვაჩვენებ. შინაგან საქმეთა მინისტრს მივმართავ, რომ დადგეს კობა ხარებავას პასუხისმგებლობის საკითხი.

 

„ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი კადრები დღესაც მუშაობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და ძალიან კარგად გრძნობენ თავს. დღეს ისევ ტერორშია მოსახლეობა. ხელისუფლებას მივმართავ, ზომები მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალზედ მასტაბური გახდება საპროტესტი აქცია.  20-მდე ადამიანი შიმშილობს. საპროტესტო აქცია იწყება ქუთაისში, პარალელურად, ზუგდიდში იგეგმება ფართომასშტაბიანი აქცია", - განაცხადა დარსალიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner