მარტივი პრინციპი, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, ალბათ ყველასთვის ცნობილია. სწორედ ამ პრინციპს მიჰყვებიან ყოფილი ხელისუფლების წევრები, როცა აცხადებენ, რომ საქართველოში დღეისათვის საჯარო სამსახურში დასაქმება ნათესაობით ხდება და ისე გამოჰყავთ, თითქოს მათ დროს ნეპოტიზმის შემთხვევები არ იყო. არადა, წინა ხელისუფლების დროს, ნეპოტიზმი დამლაგებლების დონემდე იყო დასული და გარდა იმისა, რომ საკუთარ ნათესავებს ასაქმებდნენ, ეს ნათესავი პარტიის ერთგული მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო...
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად ბაღებში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები დაფიქსირდა. აუდიტის სამსახურმა ინსპექტირება რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში ჩაატარა და მონიტორინგი 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა. სწორედ ამ ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა.
„დასკვნაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა სააგენტოს მიერ გადარიცხული ფულადი სახსრების არამიზნობრივი და არასწორი ხარჯვა, რაც მიუთითებს ბაღის დირექტორის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აუდიტის დასკვნის საფუძველზე რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგან სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი", - ეს განცხადება მერიამ გაავრცელა და ამით ახსნა ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თბილისის ბაღებში დაახლოებით ოცამდე დირექტორი შეიცვალა.
ხმაური კი მხოლოდ სამმა მათგანმა ატეხა და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა ამ სამს დაუთმო საეთერო დროის დიდი ნაწილი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ სამეულში „ნაციონალური მოძრაობის" რჩეული სახეების რჩეულები არიან...
90-ე ბაღის აწ უკვე ყოფილი დირექტორი ლელე გოგორიშვილი პარლამენტარ ხათუნა გოგორიშვილის და გახლავთ. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ნეპოტიზმი არ არის, ჩვენც გავჩუმდებით. მეორე ბაღის ყოფილი დირექტორი ანა გეგია თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის ნიკანორ მელიას ახლო ნათესავია და სწორედ ის იმუქრება სასამართლოში გასაჩივრებით. რაც შეეხება მესამეს, მეექვსე ბაღის დირექტორი თამარ ბაქრაძე...
მოდით, სხვანაირად ვთქვათ - ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა სიუჟეტში მეექვსე ბაღის დირექტორი ბარბაქაძედ მოიხსენია და მოიხსენია იმიტომ, რომ იქით გოგორიშვილი, აქეთ ბაქრაძე, გარკვეულ ეჭვებს აღძრავდა. ამიტომ, ბაქრაძის გვარი დაამახინჯეს, ბარბაქაძედ გადაწერეს და სიუჟეტიც ბარბაქაძეს მიუძღვნეს. არადა, ქალბატონი თამარი დავით ბაქრაძის ბიძაშვილია და ეს ის შემთხვევაა, როცა თავს ვერ იმართლებ, ცოლის ნათესავია და ჩემი ნათესავი არ არისო.
მოკლედ, მელიას, გოგორიშვილის და ბაქრაძის ნათესავები, აუდიტის დასკვნის მიხედვით, თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში არიან მხილებულნი და... ისე, დიდიც არაფერი - წინა ხელისუფლებაც ამაში იყო მხილებული, მაგრამ კი არიან ახლა მშვიდად და მაქსიმალურად ცდილობენ, წარსული დაგვავიწყონ.