აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის ჯეი ჯონსონის განცხადებით, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ჰაკერების ზემოქმედება ხმების დათვლაზე არ დაფიქსირებულა.
„მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ არჩევნების დღეს ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რამე ისეთი, რაც გავლენას მოახდენდა ხმების დათვლაზე ან ხელს შეუშლიდა შედეგების გამოცხადებას", - განაცხადა ჯეი ჯონსონმა.
კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული იმაში, რომ რუს ჰაკერებს გავლენა არ მოუხდენიათ არჩევნების შედეგზე, ჯონსონმა განაცხადა, რომ „არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ნებისმიერი მოთამაშეების ჰაკერულ ქმედებებმა გავლენა მოახდინეს ხმების დათვლაზე".
გუშინ სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა მხარი არ დაუჭირა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებას, რომლის თანახმად, რუსეთმა ჰაკერული შეტევები განახორციელა, რათა დახმარებოდა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში.