logo_geo
eng_logo
ავთო აბესლამიძე: ხალხის სიყვარული მაძლევს სტიმულს, რომ მეტი ვიბრძოლო...
- +

14 დეკემბერი. 2016. 11:38




ახალგაზრდა მომღერალი ავთო აბესლამიძე ქართველმა მსმენელმა „X-ფაქტორიდან" გაიცნო. პროექტის გამარჯვებულმა მთელი ქვეყნის სიყვარული მოიპოვა და დღესაც პოპულარობით სარგებლობს.


რა ხდებოდა მომღერლის ცხოვრებაში პროექტამდე და რა წარმატეტები ჰქონია ცხოვრებაში, ამის შესახებ ავთო აბესლამიძე „რეპორტიორს" ესაუბრა.


„რეპორტიორი" მომღერლის ახლანდელი საქმიანობითა და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა:


- რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში „X-ფაქტორამდე"?


- „X-ფაქტორამდე" ვიყავი გერმანიაში, ერთ-ერთ კონკურსზე ავიღე გრანპრი. ბულგარეთში ავიღე პირველი ადგილი, სანკტ-პეტერბურგშიც ავიღე გრანპრი. ასევე უკრაინულ „ვოისში" დიდი მოწონება დავიმსახურე და ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საქართველოშიც მივიღე კონკურსში მონაწილეობა.


„რეპორტიორმა" გაავრცელა ჩემი უკრაინულ „ვოისში" ნამღერი, სწორედ მაშინ მნახა „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და როდესაც „X-ფაქტორში" მივედი და მის ჯგუფში მოვხვდი, მაშინ მითხრა, - ერთი სული მქონდა ჩვენთან რომელიმე პროექტში მოსულიყავიო.


- რა შეცვალა თქვენთვის „X-ფაქტორმა"?


- დავიწყებ იმით, რომ რაც ყველაზე მთავარია, ხალხის სიყვარული მივიღე. ძალიან ბევრი ადამიანი არ მიცნობდა „X-ფაქტორში" მონაწილეობის მიღებამდე, ახლა უკვე მცნობენ. მიზიარებენ თავიანთ სითბოს და დამოკიდებულებას, რაც ძალიან მსიამოვნებს. ეს ყველაფერი მაძლევს სტიმულს, რომ მეტი ვიბრძოლო, მეტად შევაყვარო მათ თავი. გარდა ამისა, რაღაც შემოთავაზებები მაქვს, არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, სამომავლო პროდიუსერული ურთიერთობებიდან გამომდინარე და ვნახოთ, გეგმები და პერსპექტივა არსებობს.


- სიმღერა თქვენთვის პროფესიაა თუ გატაცება?


- გატაცება არ არის, იმიტომ, რომ ვფიქრობ, სიმღერა ჩემთვის მეორე მეა. როგორც ჩემი მშობლებისგან ვიცი, ლაპარაკი და სიმღერა ერთად დავიწყე. მინდოდა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება და ზოგადად ხელოვნების მიმართულებით წასვლა, ან სიმღერით, ან მსახიობობით, მაგრამ ეს არ გამოვიდა, რადგან რთულია შოუ-ბიზნესი საქართველოში. ჩემი პროფესიით ეკონომისტი ვარ, კერძოდ კი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი დავამთავრე. მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც მომღერალი ვარ. პროფესია, ჰობი და ყველაფერი, ჩემთვის არის მუსიკა. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკა ჩემთვის ჰაერია.


- თავის დამკვიდრებაზე საუბრობთ, გსურდათ, რომ ხალხს გაეცანით და პოპულარული გამხდარიყავით?


- იცი, როგორი დამოკიდებულება იყო? თავიდან სიმღერა ჩემთვის გარკვეული რისკი იყო. როდესაც მოწონებას ვიმსახურებდი, უფრო მეტად მიჩნდებოდა სურვილი, რომ დიდი აუდიტორიისთვის მემღერა. მოსწონდათ ჩემი სიმღერა, ხმის ტემბრი და ეს სტიმულს მაძლევდა. ცუდი ის არის, რომ პედაგოგი არ მყავდა და სულ მქონდა შეგრძნება, რომ დავიჩაგრებოდი, რადგან სხვა შეიძლება უფრო ჩამოყალიბებული ყოფილიყო. თუნდაც ის, რომ მუსიკალური განათლება გაქვს, უკვე სხვანაირად ჩანს. ამიტომ, რაღაც შიში სულ მქონდა, მაგრამ ეს სტიმულს მაძლევდა, რომ მებრძოლა და დამემკვიდრებინა თავი.


- დღევანდელ შოუ-ბიზნესში რა ხდება? როგორ ფიქრობთ, აძლევს თუ არა საშუალებას ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს, რომ რაღაცას მიაღწიონ?


- ამის არანაირი რესურსი არ გვაქვს დღევანდელ შოუ-ბიზნესში. თუნდაც, მე რომ სიმღერა ჩავწერო და ვიდეორგოლი გადავიღო, ტელევიზიაც არ გაგვაჩნია ისეთი, რომელიც ამას აჩვენებს. უნდა დავდო „youtube"-ზე და ამით გავაპიარო. ამ კუთხით ძალიან ცუდია, რადგან დღეს ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი გვყავს.


- აქამდე თუ წერდით მუსიკას და ჰქონია თუ არა წარმატება თქვენს რომელიმე ნაწარმოებს?


- გიტარაზე ჩემით ვუკრავ და რამდენიმე აკორდით, რისი დაკვრაც ვიცოდი, შევქმენი სიმღერა, რომელიც ჰიმნივით მქონდა და მეგობრების წრეში ვუკრავდი ხოლმე. მაგრამ ფართო აუდიტორიაზე არასდროს გამომიტანია. სიმღერის წერის მუზა ხშირად მოდის, მაგრამ ის, რომ მუსიკალური განათლება არ მაქვს, დისკომფორტს მიქმნის, იმიტომ რომ რასაც ვგრძნობ, ის ვერ გადამაქვს ფურცელზე. ახლა დავიწყებ სწავლას, პედაგოგთან სიარულს და მერე, იმედია, კარგ სიმღერებს დავწერ.


- რას საქმიანობთ ამ ეტაპზე და რა გეგმები გაქვთ?


- ჯერჯერობით თავს კარგად ვგრძნობ, იმიტომ, რომ სამომავლო გეგმებისთვის გამოჩდნენ ადამიანები, ვინც რაღაც კუთხით მეხმარებიან, რათა თავი უფრო მეტად დავიმკვიდრო. ასევე, შემოთავაზება მომივიდა უცხოეთიდან, 17 დეკემბერს ტრაპიზონში მაქვს კონცერტი. ვიწყებ ახალი სიმღერების ჩაწერას.


მომღერლისთვის და თავის დამკვიდრებისთვის ყველაზე აუცილებელია, რომ ჰქონდეს სიმღერა, სწორედ ეს სიმღერა განაპირობებს იმას, რომ თავი შეაყვარო საზოგადოებას და ამით საკუთარი სიტყვა ვთქვა. ხალხს უნდა აჩვენო, რომ გამარჯვების შემდეგ არ დაიკარგე და ახალი სიმღერები მომცემს ამის საშუალებას, საზოგადოება გამიცნობს არა როგორც კონკურსის მომღერალს, არამედ როგორც დამოუკიდებელ მომღერალს, რომელიც ქართველი მსმენელისთვის რაღაცას ქმნის.

 

- ახალი წლის კონცერტში თუ იღებთ მონაწილეობას?


- ამ ეტაპზე არის რამდენიმე წინადადება. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად გადაწყდება და რომელიმე კონცერტზე ახალი სიმღერით მეც წარვსდგები საქართველოს მოსახლეობის წინაშე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner