„ის , რომ შენ დგახარ ტრიბუნასთან, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ეს არის ქართველი ერის ყველაზე დიდი სირცხვილი, რადგან მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ ჰყავს მოღალატე და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი თავდაცვის მინისტრი", -ასე ეხმაურება პარტია „ეროვნულების" ლიდერი თავდაცვის მინისტრის განცხადებას.
ბრეგაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ღმერთს ვთხოვ, რომ შენი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ერთი, თუნდაც მცირე სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს, თორემ მყისვე დაგინახავ მტრის მხარეზე გადასულს. სირცხვილი და სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის თავდაცვას ხელმძღვანელობს პირი, რომლის პირიდანაც სერგო ორჯონიკიძის მსგავსი მოღალატეობრივი ფრაზა ამოსულა - „აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ", კიდევ უფრო სამარცხვინოა , რომ შენი უახლოესი თანამებრძოლის ხელით ქართულ ჯარს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს უჩივლე სტრასბურგის სასამართლოში და 2008 წელს „მძინარე რუსი სამხედროების" და სეპარატისტების დაბობვა დააბრალეთ. კიდევ უფრო სამარცხვინოა, რომ საქვეყნოდ აცხადებთ, რომ შვილებს სამშობლოს სიყვარულს და თავგანწირვას არ უნერგავთ; სირცხვილია, რომ კაცის კაცზე დაქორწინების დაკანონებაზე ოცნებობ; სირცხვილია, რომ კოალიციიდან და მთავრობიდან გაგდებენ და ვერ გაგაგდეს, რადგან თავმოყვარეობის ნასახიც არ გაგაჩნია, ყველაფერს იტან სკამის შესანარჩუნებლად, ხოლო სირცხვილის აპოგეაა საგარეჯოს არჩევნები, სადაც ისეთები იკადრე, რომ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ. იდექი ახლა ამაყი სახით ,„იტკვარცალე" და შენი პროვინციულ-გოიმური ქცევებით გული უხეთქე ქართველ საზოგადოებას. ნუთუ ვერ ხვდები, თუ როგორ ეზიზღები შენ და შენი თანაპარტიელი „ინაურის ბიჭები" მთელ საქართველოს???" - აცხადებს ბრეგაძე.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამართეს, საუბარი რუსეთის პოლიტიკას შეეხო. თინა ხიდაშელის განცხადებით, მსოფლიო კარგად ხედავს, თუ რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს პასუხი არის ის, რომ ქვეყანას უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს წევრი.
„აგრესია, არა რიტორიკული, სამწუხაროდ, არამედ ქმედითი, ყოველდღიურად გამოხატული, ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველოს ტერიტორიების და საზღვრების მუდმივი გადაწევა-გამოწევის მცდელობა არის ყველაზე უფრო ნათელი დასტური იმ რეალობისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ყოველდღიურად და ამავე დროს ასევე არის ყველაზე უფრო ნათელი მაგალითი ჩვენთვის, რისთვის ან რის წინააღმდეგ უნდა ვცხოვრობდეთ და ვიბრძოდეთ ყოველდღიურად. ყველაფერი სრულიად ნათელია, მარტივია საქართველოს პოზიციაც. ის, რომ მე ვდგავარ ამ ტრიბუნასთან, როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ასევე პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.