logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: „გირჩის“ წევრების ქმედება ზნეობრიობის ყველანაირ ზღვარს სცდება!
- +

14 დეკემბერი. 2016. 15:18



გინდა, საჯარო მოსამსახურე გახდე? გინდა, შენი ქვეყნის მართვაში მონაწილეობდე? - მაშინ დაივიწყე ყოველგვარი მარიხუანა", - ასე ეხმიანება „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ნარკოპოლიტიკას „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.


„მიმაჩნია, რომ ის აღვირახსნილი ექსპანსია, რომელსაც, „გირჩის" თამადობით, ნეოლიბერალური პოლიტიკური ძალები ეწევიან, ზნეობრიობის ყველანაირ ზღვარს სცდება. მათ მოთხოვნებს განვიხილავ, როგორც პროპაგანდის მცდელობას, რომ ახალგაზრდებში დათესონ აზრი, თითქოს მარიხუანა არ არის საზიანო და მისი მოხმარება თითქოს არავითარ პრობლემას არ იწვევს.

 

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩატარებული ოფიციალური კვლევები ცხადყოფს, რომ მარიხუანა მწვავე ფსიქოზის გამომწვევია. კარგი იქნება, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მრგვალი მაგიდა მოაწყოს ამ კვლევებთან დაკავშირებით და ნათლად უჩვენოს საზოგადოებას მეცნიერული კვლევის შედეგები.

 

 

თუკი შენ საჯარო სამსახურში მუშაობ, მაშინ არათუ მარიხუანას მოხმარების უფლება არ გაქვს, არამედ ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების თრობის ქვეშ ყოფნა, საჯარო სამსახურში მუშაობის უკვე გამომრიცხავი პირობაა. ამის შესახებ გვამცნობს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ".

 

გინდა, საჯარო მოსამსახურე გახდე? გინდა, შენი ქვეყნის მართვაში მონაწილეობდე? - მაშინ დაივიწყე ყოველგვარი მარიხუანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ დატოვებ თანამდებობას და შესაბამისი წესით პასუხისგებაში მიეცემი", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.  

 

„დემოკრატიული მოძრაობის" წევრი მიიჩნევს, რომ პოლიცია უკვე ვალდებულია, „გირჩის" წევრებს განუმარტოს, თუ რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათ მიერ დაანონსებულ ინფორმაციას განახორციელებენ. მისი თქმით, მარიხუანას თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ ის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაურბოდეს.

 

„პოლიცია უკვე ვალდებულია, „გირჩის" წევრებსა და მის „თანამებრძოლებს" განუმარტოს, მარიხუანას დათესვის შემთხვევაში, რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. სახეზე გვაქვს დანაშაულის მთელი კასკადი, რადგან საქმე ნარკოტიკული საშუალების პროპაგანდირებას ეხება.

 

ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ თრობის ქვეშ იმყოფება, ციხეში არ უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ადმინისტრაციულ სახდელს ვერ უნდა გაურბოდეს.

 

მხარს დავუჭერდი, ადმინისტრაციული წესით, ისეთ სანქციებს, როგორიცაა: ხანმოკლე პატიმრობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და პირველ ეტაპზე, მინიმიზირებული ჯარიმა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს უნდა იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და არა სისხლისსამართლებრივი. სწორედ ეს არის დეკრიმინალიზაცია", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner