14 - 28 დეკემბერს, თბილისის კონსერვატორიაში, საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" მეცხრამეტედ ჩატარდება. წელს ფესტივალი მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia"-ს ფარგლებში იმართება.
ფესტივალის ფარგლებში 9 ღონისძიება გაიმართება. ფესტივალი მოიცავს საფორტეპიანო, კამერული, საორღანო და ფოლკლორული მუსიკის კონცერტებს, ასევე ჯაზის საღამოებს.
წელს ფესტივალში მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები მონაწილეობენ: პიანისტები: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი ლუკა დებარგი (საფრანგეთი), ანტონი ბარიშევსკი (უკრაინა) და ალექსანდრე კორსანტია.
მსმენელის წინაშე წარდგება პოლონელი ორღანისტი მარეკ შტეფანსკი. რუბრიკა „დებიუტში" წარმოდგენილია ფოლკლორული მუსიკის კონცერტი - ანსამბლი „ადილეი".
ფესტივალის ფარგლებში ჯაზის ორი საღამო გაიმართება: აარონ გოლდბერგის (აშშ) და კარელ ბოლეს ტრიო (ნიდერლანდები) დიდი დარბაზის სცენაზე 18 და 19 დეკემბერს დაუკრავენ. ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე ახალი მუსიკის საღამოს წარმოადგენს. კამერული მუსიკის კონცერტი ცნობილ ქართველ მევიოლინეს მარინე იაშვილს ეძღვნება.
ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში გურამ თიკანაძის 50-იანი წლების ფოტოგამოფენა იქნება წარმოდგენილი.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება.