გაერო-ში აშშ-ის ელჩმა სამანტა პაუერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები, რუსეთი და ირანი და განაცხადა, რომ ისინი პასუხს აგებენ ალეპოში ხოცვა-ჟლეტაზე.
„მივმართავ ასადის რეჟიმს, რუსეთს და ირანს, სამ სახელმწიფოს, რომლებიც ალეპოში ხოცვა-ჟლეტის უკან დგანან: თქვენ პასუხს აგებთ ამ საშინელებაზე.
ნუთუ, ფაქტობრივად არაფერი არსებობს, რამაც შეიძლება, სირცხვილის გრძნობა გაგიჩინოთ? ნუთუ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსობა, ბავშვების სიკვდილით დასჯა არ გაწუხებთ?" - განაცხადა სამანტა პაუერმა.
ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელის რუპერტ კოლვილის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 82 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.