logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება ემოციური მოტივებით მიიღო
- +

15 დეკემბერი. 2016. 00:11



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი ფორმატი, საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში საზოგადოების შესაბამისი წრეების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.  მისი თქმით, კომისიის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება ემოციური მოტივებით მიღებული არასწორი გადაწყვეტილებაა.


„მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ყველანაირი ბერკეტი გვაქვს, კანონპროექტი ჩვენ თავად შევიმუშაოთ და მივიღოთ, ამ გზას არ ვირჩევთ.  ჩვენ ვირჩევთ ფართო ჩართულობისა და გამჭვირვალობის გზას, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია ფართომასშტაბიანი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე - ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. რაც მთავარია, პროცესში ძალიან აქტიურად ჩაერთვება ვენეციის კომისია.

 

არ მგონია, რომ ასეთ მნიშვენლოვან საკითხებზე უმაღლესი სახელმწიფო პირების მხრიდან ემოციური გადაწყვეტილებები სწორია. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად რაციონალური მიდგომა გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობას არ აპირებენ, ჩვენ ვაპირებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კომისიაში 2 ადგილი იყოს გათვალისწინებული და მას შემდეგ, რაც დაინახავენ და დარწმუნედებიან, რომ პროცესი სწორად მიდის, იმედი მაქვს, გადაწყვეტილებას შეცვლიან და სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.


როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კომისია პროექტზე მუშაობას დაასრულებს და პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდება, კანონის თანახმად, საერთო სახალხო განხილვები იწყება.


„ეს არის ერთთვიანი პერიოდი. როგორც მივხვდი, პრეზიდენტი ამ საერთო სახალხო განხილვებში აქტიური როლის შესრულებას აპირებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში შეხვედრების ორგანიზებას, ამ შეხვედრებზე მაქსიმალურად ბევრი მოქალაქის მობილიზებას და პარლამენტის წევრების მხრიდან მათთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ჩემთვის რთული გასაგებია, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ თავად პროექტის შემუშავებაში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ შემდგომ განხილვაში ჩაერთვება. ეს გადაწყვეტილება ცოტა არათანმიმდევრული მეჩვენება. ყველასთვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა,  ადმინისტრაცია აქტიურად ჩართულიყო როგორც კანონპროექტის შემუშავებაში, ასევე - საერთო სახალხო განხილვებში", - განაცხადა ჩუგოშვილმა.


კითხვაზე, საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით,  უმრავლესობას ჰქონდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტთან კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა ჰქონოდა, რადგან ეს ინიციატივა პრემიერის მხრიდან გაჟღერდა.


„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჯარო განცხადება გააკეთა, რომ პროცესში წამყვანი როლის აღება თავად სურდა ისე, რომ ჩვენთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. მათი იდეა იყო, ფორმატი შეეცვალათ და ჩვენ საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ისინი ასეთი განცხადების გაკეთებას აპირებდნენ?! პარლამენტის პირველი შეხვედრის დროს, პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ საკითხზე საუბარი, რა თქმა უნდა, იყო. კანონის მიხედვით, ამ პროცესში წამყვანი როლი პარლამენტს უნდა ჰქონდეს და ამაში სამოქალაქო საზოგადოებაც გვეთანხმება. მე რა პოზიციებიც ვნახე და მოვისმინე, ოპოზიციური პარტიების გარდა, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებენ და არ მიიჩნევენ, რომ კომისიის დაკომპლექტება ასეთი ფორმით უნდა მომხდარიყო. პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო პროცესში წამყვანი როლი პარლამენტმა უნდა აიღოს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისია წარმომადგენლობითი იქნება.

 

„მოწვეული გვყავს და პროცესში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, როგორიცაა მაგალითად, ცესკო-ს თავმჯდომარე, სახელმწიფო გენერალური აუდიტორი, სასამართლოების ხელმძღვანელები და ა.შ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner