შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.
„Foster & Freeman"-ის ფირმის დანადგარები ქვეყნის 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებულ ლაბორატორიებში განთავსდება. მათი საშუალებით სამგზავრო დოკუმენტების მეორადი, სიღრმისეული შესწავლა განხორციელდება.
აღნიშნული ტექნიკის გამოყენების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ორდღიანი სწავლება ჩაუტარდათ, რომელსაც ბრიტანელი ექსპერტი, კომპანია „Foster & Freemam"-ის წარმომადგენელი უძღვებოდა. ტრენინგზე საპატრულო პოლიციის მესაზღვრე-კონტროლიორები დანადგარის მოხმარების ინსტრუქციას დეტალურად გაეცნენ და აღნიშნული აღჭურვილობით სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების პროცედურას დაეუფლნენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პროექტს - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში" 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ.