საპატრიარქოში დღეს უნიკალური გამოცემის, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის - „ნათელი ქრისტესი. საქართველო" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას დაესწრნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, ასევე სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები.
ილია მეორემ პრეზენტაციაზე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ტრილოგიის გამოცემაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ნესტან კირთაძეს მიმართა.
„ქალბატონი ნესტან კირთაძე არის საოცარი ადამიანი. თქვენს გარდა ვერავინ შეძლებდა ამის გამოცემას",- მიმართა პატრიარქმა ნესტან კირთაძეს.
პატრიარქმა ისაუბრა, როგორ გაჩნდა ტრილოგიის შექმნის იდეა.
„მე მახსენდება აღსაყდრების შემდეგ პირველი დღეები. არაფერი არ გვქონდა ჩვენ. მე მოვიწვიე საპატრიარქოში რამდენიმე მეცნიერი, მივეცი მათ მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალები და ვთხოვე, იქნება ქადაგებები მაინც ეთარგმნათ. ერთი-ორი კვირის შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს, ჩვენ ვერ ვთარგმნითო ამას, ქართველი მკითხველისთვის ნამეტანი უბრალოა ეს და ჯობია, ჩვენ ვიფიქროთ ახალ გამოცემებზეო. მაშინ დაიბადა ეს იდეა.
ეს ტრილოგია გამოხატავს ჩვენს ინტელექტს, ჩვენს პოტენციალს, რა შეუძლია ქართველს გააკეთოს, როგორი დონეა ჩვენი აზროვნების. შედეგი ჩვენს წინაშეა და საოცარია ეს შედეგი", - განაცხადა ილია მეორემ.
ტრილოგიის იდეის ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი კი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე.
„სხვადასხვა დროის საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების მიერ შექმნილი ეს აკადემიური რარიტეტული გამოცემა მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და პარტნიორობით. ტრილოგია დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით", - აცხადებენ საპატრიარქოში.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, 16 წლის განმავლობაში იქმნებოდა ქართველთა საუკუნის ტრილოგია - „ნათელი ქრისტესი. საქართველო", რომლის გამოცემული ტომები, უკანასკნელი წლების მანძილზე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე და პრეზენტაციებზე (პარიზი, ნიუ-იორკი, მოსკოვი, ტოკიო) ღირსეულად მონაწილეობდნენ.
ტრილოგიას მინიჭებული აქვს პრესტიჟული ჯილდო - „ოქროს პერგამენტი".