ავტორი შორენა ღვაჩლიანი
„ნარკოპოლიტიკაში ბევრი რამ შესაცვლელია, მაგრამ პირადად მე, არ ვარ მომხრე მარჯვნივ და მარცხნივ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვის", - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ. მისი თქმით, ქვეყანაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი.
„როდესაც ქვეყანას ტერიტორიები აქვს დაკარგული და ძალიან ბევრი მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ნარკოპოლიტიკაზე საუბარი არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საკითხი. მიკვირს, რა საჭიროა ამ მიმართულებით ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ერთ მუშტად შეკვრა?! თუ ასეა, მაშინ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად გავერთიანდეთ.
ამ ადამიანებზე ნაკლებად კაცთმოყვარენი არც ჩვენ ვართ და ჩვენც გული გვტკივა, როდესაც მცირე დოზისთვის ადამიანს წლობით პატიმრობა ემუქრება.
ნარკოპოლიტიკაში ბევრი რამ შესაცვლელია, მაგრამ პირადად მე, არ ვარ მომხრე მარჯვნივ და მარცხნივ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვის. ნარკოტიკი არის ნარკოტიკი, ის მსუბუქია, საშუალო თუ ძლიერი. ის, ყველა შემთხვევაში, ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს.
ვფიქრობ, ეს საკითხი არ შედის იმ პრობლემატიკათა ხუთეულში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, მაგრამ ამ მიმართულებით, აუცილებლად უნდა მოხდეს კომპლექსური კანონის მიღება", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.