ავტორი შორენა ღვაჩლიანი
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე მეტი სიკეთე არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ვერ გავა", - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ. მან იმ ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ცილისწამება და შეურაცხყოფა, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს.
„პირველად როდესაც ამ ინიციატივის შესახებ გავიგე, დავფიქრდი, რატომ უნდა მოსვლოდათ ადამიანებს აზრად ამ ინიციატივის პარლამენტში შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამების მსხვერპლი მეც ვყოფილვარ, მაინც წინააღმდეგი ვარ ამ ნორმის გამკაცრების. ეს ხელს შეუშლის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას.
ამ საკითს ძალიან რაციონალურად მივუდექი და პარლამენტიდან მასალებიც კი გამოვითხოვე. გადახედვის შემდეგ კი, ვერანაირი მოტივაცია და არგუმენტი ვერ ამოვიკითხე იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს კანონის გამკაცრება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე მეტი სიკეთე არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ვერ გავა. მჯერა, დეპუტატები კარგად გაიაზრებენ საფრთხეებს, რა მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა. ეს, თითქმის ყოველდღიურად, მოქალაქეების მიმართ საქმეების აღძვრას გამოიწვევს და დარტყმის ქვეშ ჟურნალისტებიც აუცილებლად აღმოჩნდებიან.
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს და კარგად უნდა გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს თავისუფალი მედიის არსებობა. შესაძლოა, ჟურნალისტებისგან, ხშირ შემთხვევაში, გადაუმოწმებელი ინფორმაციები გვქონდეს, თუმცა ინფორმაციაც არ არსებობს გარკვეული მოტივაციის გარეშე", - განაცხადა ანი მიროტაძემ.