სააგენტო Reuters-ის ცნობით, სირიის ქალაქ ალეპოდან ამბოხებულებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო. სასაწრაფო დახმარების ცხრა მანქანამ და 18 ავტობუსმა აღმოსავლეთ ალეპო უკვე დატოვა. პირველი კოლონით ათასამდე ადამიანი გაიყვანეს. ალეპოდან პირველი კოლონის გასვლას ადასტურებს რუსული მხარეც. ავტობუსები სპეციალური მარშრუტით ერ-რაშიდინის რაიონში მიდიან, სადაც ამბოხებულები ტრანსპორტს შეიცვლიან და იდლიბის მიმართულებით გააგრძელებენ გზას. ქალაქ იდლიბს ამ დრომდე აჯანყებულები აკონტროლებენ.
სირიის სახელმწიფო მედიის ინფრომაციით, ავტობუსებში ოპოზიციის მებრძოლები იმყოფებიან, რომლებმაც ალეპოს დატოვებაზე თანხმობა განაცხადეს.
აღმოსავლეთ ალეპოს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაციის დახმარებით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე ინტენსიურ შეტევას ახორციელებენ, რომლის შედეგადაც ამბოხებულები ქალაქიდან თითქმის განდევნეს. მიმდინარე კვირას დამასკომ ალეპოზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა. ალეპოში დარჩენილი ამბოხებულების ევაკუაციის გეგმა რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით შემუშავდა.