პანიკაშია
სირიის ქალაქ ალეპოში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ზონაში 50 000-მდე მცხოვრებია დარჩენილი და გამოსვლას ვერ ახერხებენ. რამდენიმე მათგანმა შეძლო, სოციალური ქსელით ეთხოვა მსოფლიოსთვის, გადარჩენაში დახმარებოდნენ.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებამ ერთ დღესაც არ გასტანა, ალეპო კვლავ იბომბება.
ქალაქის აღმოსავლეთით მცხოვრებმა აქტივისტმა, ლინა შეიმიმ twitter-ზე ვიდეომიმართვაში აღნიშნა:
„ასადმა და ირანელებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს, გენოციდი კვლავ გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქშია კვლავ ჩაკეტილი და არავის შეუძლია ალეპო დატოვოს".
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული იყო, რომ ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას ალეპო უნდა დაეტოვებინა, თუმცა ევაკუაცია არ განხორციელებულა.
სირიელი ჟურნალისტი ბილალ აბდულ ქარიმი კი ამბობს, რომ სროლა არ შეწყვეტილა.
„გასულ ღამეს დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, სახელისუფლებო ძალები ინტენსიურად უხსნიან ცეცხლს ალეპოს", - განაცხადა ბილალ აბდულ ქარიმმა.
ქარიმი, რომელიც CNN-ის კორესპონდენტადაც მუშაობდა, წერს, რომ ამბოხებულები მზად არიან დანებდნენ და ქალაქიდან გავიდნენ.
კიდევ ერთი ალეპოელი აქტივისტი, სალაჰ აშკარი კი აღნიშნავს, რომ მოსახლეობა პანიკაშია და თავშესაფრებს ეძებს.
7 წლის ბანას twitter-ზე აქტიურობით უკვე მთელი მსოფლიო იცნობს.
„მე ბანა ვარ, 7 წლის. მსოფლიოს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან ველაპარაკები. ახლა, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ბოლო წუთები იყოს".
ბანას დედა, ფატიმა კი საკუთარი შვილის ექაუნთით წერს:
„ძვირფასო მსოფლიო, ამ წუთებში ინტენსიურად გვბომბავენ. რატომ ხართ ჩუმად? რატომ? რატომ? შიში გვკლავს მე და ჩემს შვილებს."