სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე როვშან მამედოვი, გამგებლის მრჩეველი მიწის საკითხებში ნოდარ ბულისკირია (რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეკონომიკური განვითარების, ქონების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა), გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ივანიაშვილი, ამავე საკრებულოს ყოფილი წევრი ბაკურ ბადრიძე და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ეკატერინე აფციაური.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 5 ივნისის ბრძანებით დაინიშნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრებად.
მათ 2014 წელს ამ კომისიაში შესული მოქალაქეების განცხადებების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და დაუდევარი დამოკიდებულების გამო სათანადოდ არ გამოიკვლიეს განცხადებებზე თანდართული დოკუმენტები, დაარღვიეს კანონი, რის შედეგადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუღანლოში, კრწანისში, მარტყოფსა და ნორიოში 7 მოქალაქეს უკანონოდ დაურეგისტრირეს 1,5 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რითაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა.
გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.