logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ცილისმწამებლური კამპანიების შესაჩერებლად, მაღალი ფინანსური ჯარიმებია საჭირო!
- +

16 დეკემბერი. 2016. 14:43


 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე იმ ინიციატივაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც შესაძლოა ცილისწამება და შეურაცხყოფა დასჯადი გახდეს. „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. უფლებადამცველი აქ პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა, მაღალი ფინანსური ჯარიმების დაწესების მომხრეა.


„არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ცილისწამება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არ არის, თუმცა არის ძალიან მაღალი ფინანსური ჯარიმები. ეს დასავლეთის ქვეყნებში არანაირ პრობლემას არ ქმნის, რადგან იქ დემოკრატიას მიჩვეული საზოგადოებაა. იქ იციან, რომ ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია და მას ვერავინ დაარღვევს. მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში კი, ცილისმწამებელ პირს იმდენად მაღალი ფინანსური ჯარიმა დაეკისრება, მთელი ცხოვრება წელში ვეღარ გაიმართება.  ჩვენთან ამ სისტემაზე რა ვთქვა, როდესაც ომბუდსმენის ინსტიტუტიც კი როგორ მუშაობს, ყველამ კარგად ვიცით. 

 

ადამიანისა და მისი უფლებების დაცვა ჩვენს ქვეყანაში ვერ მოხდა, რადგან როდესაც დამოუკიდებლობასა და დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთ მთავარ პოზიციად სასამართლოს ვიღებთ. სასამართლო სისტემას კი იმისათვის, რომ მას დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი ჰქონდეს, მინიმუმ, 100-წლიანი ისტორია სჭირდება. ის დამოუკიდებლობასა და აქედან გამომდინარე, თავისუფალ გადაწყვეტილებას ნელ-ნელა ეზიარება, რადგან ეს პროცესი სწრაფად ვერ ხდება.

 

დღეს ამ მიმართულებით რომ შესაცვლელია მიდგომები და გააზრებული გადაწყვეტილებებია მისაღები, ეს ცალსახაა. სხვადასხვა ტელე თუ ბეჭდვითი სივრცე, სოციალური ქსელები და ა.შ. წალეკა ნაგავმა და სიბინძურემ. იმ ადამიანების პირისპირ კი, რომლებიც ცილისმწამებლობით არიან დაკავებულნი და ტალახს გესვრიან, აბსოლუტურად დაუცველი რჩები.  

 

მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მაინც სამოქალაქო წესით უნდა მოგვარდეს და არა სისხლისსამართლებრივით, მაგრამ მასზე უნდა მოხდეს სწრაფი და დროული რეაგირება. ძალიან მკაცრი სანქციებია შემოსაღები ცილისმწამებლური და ბინძური კამპანიების შესაჩერებლად. პატიმრობა კი, მსგავს კამპანიებში ჩართულ ადამიანებს არ ასწორებს. მათ უნდა დაუწესდეთ ისეთი მაღალი ფინანსური ჯარიმები, რომ შემდგომში მსგავსი დაკვეთების შესრულება ვეღარ შეძლონ", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner