ავტორი შორენა ღვაჩლიანი
„ვიზა-ლიბერალიზაციას პოლიტიკური სიმბოლურობაც გააჩნია. ის ერთგვარი გზავნილი იქნება ინვესტორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - განაცხადა „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. მან ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა, უდავოდ, დადებით მოვლენად შეაფასა, მაგრამ აქვე, ისიც დასძინა, რომ მისგან საქართველო რაიმე ეკონომიკურ კეთილდღეობას არ უნდა ელოდოს.
„ცხადია, ვიზა-ლიბერალიზაცია კარგია, მაგრამ ობიექტურად რომ ვისაუბროთ, მასმედიასა თუ პოლიტიკურ წრეებში აგორებული ინფორმაციები ამ რეჟიმის სარგებლიანობის შესახებ, ბევრად აღემატება იმას, რასაც ის რეალურად მოგვიტანს.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა, ზუსტად თქვა, რომ უვიზო მიმოსვლა, საშუალოდ სამი თვის ვადით, ევროკავშირის ქვეყნებში წასვლის შესაძლებლობას იძლევა. ეს შესაძლებლობა კი მუშაობას და სწავლას გამორიცხავს. ამისათვის ისევ თბილისში დაბრუნება და დადგენილი წესით, შესაბამისი ვიზების მიღება იქნება საჭირო. ისე კი, ქართველებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩავიდნენ ევროპაში და მოინახულონ ძალიან ბევრი ტურისტული ადგილი; მშობელს შეეძლება ჩააკითხოს თავის სტუდენტ შვილს; ბიზნესმენს პარტნიორთან ჩასვლის შესაძლებლობა მიეცემა და ა.შ", - აღნიშნა მამრაძემ.
ის ასევე იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომლებმაც შესაძლოა, ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიონ.
„ვიზა-ლიბერალიზაციას ასევე პოლიტიკური სიმბოლურობაც გააჩნია. ის ერთგვარი გზავნილი იქნება ინვესტორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მათ თვალში საქართველო უფრო ამაღლდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ამ რეჟიმის მცირე დარღვევები მოხდება, როგორიცაა ქართველების უკან დროულად არჩამოსვლა ან მათ მიერ ევროპაში არალეგალურად მუშაობის დაწყება და ა. შ., ვაითუ, შეგვიჩერეს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა?! მოგეხსენებათ, უცხოეთში ქართული მაფია ერთ-ერთ ძლიერ მაფიად ითვლება. იმედს ვიტოვებ, ეს ყველაფერი არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა, ნამდვილად სამწუხარო იქნება.
ასე რომ, ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოება კარგია, მაგრამ ნურავინ ელის, რომ ეს პროცესი რაიმე გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, მაგრამ ვინმე იტყვის, რომ ამან რაიმე ეკონომიკური სარგებელი მოუტანა ქვეყანას?! სად არის ამ ხელშეკრულებიდან მიღებული სარგებელი?! - მოგეხსენებათ, დრო უკვე გავიდა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.