მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 2017-2021 წლების პროკურატურის სტრატეგიას წარადგენს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
მთავარი პროკურორი მოხსენებას საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიაზე, პროკურორთა შეფასების დოკუმენტზე და პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალ კოდექსზე გააკეთებს.
„სტრატეგიაზე ძირითადად საუბარია იმ პრიორიტეტულ დანაშაულებზე, როგორიც არის ოჯახური ძალადობა, დისკრიმინაციული და სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაული, ტერორიზმი, კორუფციული დანაშაული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები სადაც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მუშაობის გაძლიერებას. ასევე, საუბარია იმ რეფორმებზე, რასაც მომავალში ვაპირებთ ჩვენს სისტემაში დავამკვიდროთ. კონკრეტულად საუბარია ინდივიდუალურად პროკურორების დამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც არის შეფასების სისტემის დამკვიდრება. მკაფიო დისციპლინარული სასჯელების გამოყენების მექანიზმების დამტკიცება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საკორდინაციო საბჭოს სხდომას ძალოვანი უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეხვედრა დახურულია და ის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.