შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არ აკონკრეტებს, დააკავებენ თუ არა 31 დეკემბერს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის" აქციის მონაწილეებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს აპირებენ კანაფის საჯაროდ დათესვას.
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრო ცვლილებებს ამზადებს. თუ ამ ცვლილებების მიღება მოესწრო, შეიძლება სხვაგვარად მოვიქცეთ, თუ კანონმდებლობა 31 დეკემბერს იქნება იგივე, რაც არის დღეს, ჩვენ მოვიქცევით კანონმდებლობიდან გამომდინარე.
კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და მერე დადგინდება, ვინ არის დასაკავებელი და ვინ არა. ის, რომ ახლა ვიღაც ტელევიზორში გამოჩნდება და ეგრევე დავაკავებთ, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი პროცედურა და დადგენილი პროცედურებით ვიმოქმედებთ", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით და 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
„გირჩმა" მიმართა ახალ პარლამენტსა და მთავრობას მოთხოვნით, ახალ წლამდე შეიცვალოს საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა და მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით, კანაფისა და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარება, შენახვა და კულტივაციის რეგულირებული დაშვება.
იმ შემთხვევაში, თუ საშემოდგომო სესიაზე საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორცილდება, „გირჩი" ახალი წლის ღამეს, სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას პირდაპირ ეთერში დათესავს.
პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მარიხუანას დარგვაში მონაწილე ადამიანების ვინაობა საჯაროა, ამიტომ ის მიმართავს პრემიერ-მინისტრს, მათზე ზეწოლა არ განხორციელდეს.