საქართველოს მთავარი პროკურორი სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას დაესწრო. იუსტიციის სახლში გამართულ ღონისძიებაზე ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების მუშაობის სტრატეგია, პროკურორთა შეფასების სისტემის დოკუმენტი და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალი კოდექსი წარადგინა.
საქართველოს პროკურატურა ახალი სტრატეგიით მიზნად ისახავს პროკურორთა დამოუკიდებლობის გაზრდას, საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების ხარისხის ამაღლებას (მათ შორის, ოჯახური დანაშაულის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე გამოძიებისა და საპროკურორო ხელმძღვანელობის ხარისხის გაუმჯობესებას), პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვას, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, პროკურატურის სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მედიასთან კომუნიკაციის ერთგვაროვანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შემდგომი ნაბიჯების გადადგმას.
ღონისძიებაზე საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია პროკურორთა შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების შესახებ, რომელთა საფუძველზეც 2017 წლიდან დაიწყება პროკურორთა შეფასება. აღნიშნული სისტემის დანერგვა, მინიმუმამდე დაიყვანს პროკურორთა სუბიექტური შეფასების რისკებს, აამაღლებს მოტივაციას, უზრუნველყოფს პროკურორის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას და თითოეული პროკურორის დამოუკიდებლობას.
საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა ასევე ეთიკის კოდექსი, რომელშიც ნათლად გაიწერა პროკურორთა პასუხისმგებლობის საფუძვლები და კონკრეტული გარემოებების არსებობისას გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 23-ე სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საბჭოს წევრები, საპროკურორო საბჭოს წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს განხილული საკითხების შესახებ დისკუსია გაიმართა.