სად ეძებენ ოქროს საბადოს ნანა ყეინიშვილი და გია გორგოშაძე?..
იყო დრო, მიხეილ სააკაშვილს დასცინოდნენ, ერთსა და იმავე ობიექტებს რამდენჯერმე ხსნისო. ის თუ ხსნიდა, საკუთარი ხელისუფლების დროს აშენებულს ხსნიდა, დავით ნარმანიას გარემოცვა კი ფანტაზიებში აშკარად შორს წავიდა... სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგიამ", რომლის დამფუძნებელია გია გორგოშაძე, ა.წ. ზაფხულში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი გახსნა. ჰიპერმარკეტის გახსნაზე ლენტი გაჭრეს თბილისის არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ. ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა წარსული - იგივე ჰიპერმარკეტი 2011 წლის მაისში დედაქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საზეიმო ვითარებაში გახსნა(!!!). ამ ორ გახსნას შორის სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ მეორე გახსნაზე ჰიპერმარკეტი „ოცნების" ფერებში იყო გადაწყვეტილი და „გორგიას" დამფუძნებელმა გია გორგოშაძემ ბიზნესწრეებს ამცნო, რომ მის ბიზნესს თბილისის მერი დავით ნარმანია „კრიშავდა".
„გორგიას" დამფუძნებელი გია გორგოშაძე მეტისმეტად უცნაური რეპუტაციისა და მოხერხების ადამიანია, მუდმივად იცის, რომელი ხელისუფლების დროს როგორ უნდა მოიქცეს. „ქრონიკა+"-ს საკუთარი წყარო საინტერესო ისტორიას უყვება:
იმ დროს, როცა „ნაციონალურმა" ხელისუფლებამ ბადრი პატარკაციშვილის დევნა დაიწყო, „გორგიას" დაცვის უფროსი იყო გიორგი ბერიძე, რომელიც ასევე უზრუნველყოფდა ტელეკომპანია „იმედისა" და პატარკაციშვილის სხვა ობიექტების უსაფრთხოებას. სანამ ხელისუფლებაში ბადრის მოსვლის შანსი არსებობდა, გია გორგოშაძე გიორგი ბერიძეს ხელისგულზე ატარებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგი ბერიძე პატარკაციშვილის დაცვის სხვა წევრებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დააკავეს, გია გორგოშაძემ მას ორი თვის კუთვნილი ხელფასი აღარ გადაუხადა - „გორგიას" დაცვის თანმშრომლებს კარგად ახსოვთ მისი სიტყვები - ეგ ციხიდან ვერასოდეს გამოვაო. გიორგი ბერიძემ ყველა განსაცდელს ღირსეულად გაუძლო, ციხიდანაც გამოვიდა და საკუთარი ღირსებით ცხოვრებასაც აგრძელებს, გია გორგოშაძის ბიზნესრეპუტაციას კი ეს ლაქა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება.
„გორგია" ახალი ხელისუფლების პირობებში წინა ხელისუფლების მსხვერპლად ასაღებს თავს და ტანჯულის მანტიამოსხმული ცდილობს, „ოცნების" ხელისუფლებას თავი შეაცოდოს; არადა, „ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, „გორგიას" გაკულაკების საქმე მეტისმეტად უცნაურ ვითარებაში, ბათუმში გადაწყდა და მიზეზი იმდენად ბანალურია, შეიძლება, ამ შემთხვევაში სააკაშვილს დაეთანხმო კიდეც. მოკლედ, მოვლენები ბათუმში ასე განვითარდა: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ლევან ვარშალომიძე რესტორანში ისხდნენ და ბათუმის რეკონსტრუქციის გეგმას იხილავდნენ. ამ საუბარში ლევან ვარშალომიძემ „გორგია" ახსენა, - გია გორგოშაძეს დამწვარი სკოლისთვის კრამიტი ვთხოვე და დამეზეთაო. ვარშალომიძის ამ სიტყვებს წამიერად მოჰყოლია სააკაშვილის გაბრაზება და კეზერაშვილისთვის იქვე მიუცია დავალება - „გორგიას" ჭკუა ასწავლეთ და სამაგალითოდ დასაჯეთო. ცხადია, სააკაშვილის დავალება ფინანსურმა პოლიციამ შეასრულა და თუ ძალიან სუბიექტურები ვიქნებით, სამართლიანადაც, - როცა 60-მილიონიანი ბრუნვა გაქვს, დამწვარი სკოლისთვის კრამიტი უნდა გემეტებოდეს, მაგრამ ანგარიშსწორება არ ყოფილა ძალიან მკაცრი, გია გორგოშაძე მისი გარემოცვის გავლენიანი ქალბატონის წყალობით ბაზარზე დარჩა. სწორედ ეს ქალბატონი გახდა მისსა და ახალ ხელისუფლებას შორის ხელშეუხებლობის გარანტი, 5 წლის განმავლობაში პატრონობდა მას, მაგრამ, საბოლოოდ, გორგოშაძემ ისიც „გადააგდო".
უცნაურ ისტორიას იხსენებენ „გორგიას" საწყობის თანამშრომლები: მათ ერთ დღეს გადაწყვიტეს, ის პოლიეთილენის პარკები, რომელიც პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ რჩებოდა და ნაგავში ყრიდნენ, შეეგროვებინათ და ჩაებარებინათ, რაც, ჯამში, დღეში, 20-30 ლარი გამოდიოდა. ეს საწყობის თანამშრომლების შუადღის სადილის ფული იყო, რაც მათ ხელფასებს არ დააწვებოდა. „გორგიას" მეპატრონემ, რომლის წლიური ბრუნვაც 60 მილიონი ლარია, ამ ამბის გაგების შემდეგ საწყობის თანამშრომლებს პოლიეთილენის პარკების ჩაბარებით ნაშოვნი ფულის სალაროში ჩაბარება მოსთხოვა და ასე შეემატა მილიონერ გორგოშაძის ყულაბას დღეში 30 ლარი(!!!).
გია გორგოშაძის ფანტაზიების შესახებ მისი ახალი გარემოცვის წევრები საინტერესო ისტორიებს ყვებიან. ატენის ხეობაში რომელიღაც მზარეულმა ნათელმხილველმა უთხრა გია გორგოშაძეს, რომ ერთი მთის ქვეშ თამარ მეფის საფლავია და იქ ასევე ბევრი ოქრო და წიაღისეული ინახებაო. გია გორგოშაძემაც დაიწყო ამ მთის გათხრები, ჩადგა იქ ვაგონი და იქირავა ადგილობრივი მუშები. მიადგა მთას გასათხრელად. „ქრონიკა+"-ის წყარო არ აკონკრეტებს, რამდენი კილომეტრი გათხარა გორგოშაძემ, მაგრამ აქაც არ უღალატა ჩვეულებას - ორი თვის სახელფასო დავალიანება მუშებს არ გადაუხადა. ამის შემდეგ საფლავის ძიებაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქციები გამართეს. გადაიხადა თუ არა გორგოშაძემ დავალიანება, ამას „ქრონიკა+"-ის წყარო არ აკონკრეტებს.
ზემოთ „ქართულ ოცნებასთან" სიტუაციების დალაგების მცდელობა ვახსენე. გია გორგოშაძე დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა შუამავალს ახალ ხელისუფლებასთან და მისივე უახლოესი გარემოცვის ცნობით, იპოვა კიდეც დეპუტატი ნანა ყეინიშვილი, რომელმაც, ბიზნესის „დაკრიშვის" სანაცვლოდ, გორგოშაძე ერთობლივ ბიზნესიდეაზეც დაითანხმა. როგორც ჩანს, „გორგიას" მეპატრონეს ბავშვობაში განძის მაძიებლებზე ნანახი ფილმი ქვეცნობიერში ჩარჩა, ამიტომ ამჯერადაც დეპუტატ ყეინიშვილთან ერთად აფრიკაში - განაში დაიწყო ოქროს ძებნა. მორიგი ზღაპრის სიუჟეტი ასე გამოიყურებოდა: ტრაქტორით უნდა ეთხარათ ოქრო და შემდეგ „სლიტკების" სახით შემოეტანათ საქართველოში მაღალი ხარისხის ოქრო. ეს ხდება აფრიკაში, სადაც კანონი არ არსებობს. გორგოშაძემ ყეინიშვილს 300 000 დოლარი მისცა განაში ოქროს სამძებრო სამუშაოების საწარმოებლად, დარჩენილი 200 000 დოლარი კი „გაუჭედა". საქმეში ჩართული იყო გორგოშაძის მეუღლეც. „ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, ყეინიშვილმა გორგოშაძის მიერ დანარჩენი თანხის გადაუხდელობა დაასახელა ბიზნესზღაპრის ჩაშლის მიზეზად და მიცემული 300 000 დოლარის დაბრუნებაზეც სწორედ ამ მოტივით ამბობს უარს. როგორც კი სიტუაციის აბსურდულობას მიხვდა, გია გორგოშაძე სიტუაციიდან დაითესა და ნანა ყეინიშვილთან ურთიერთობა მის მეუღლეს შეატოვა ხელში - ფული ამოიღე და შენი იყოსო. თმაკუწუწა დეპუტატი კი აცხადებს, რომ ის ახლა ხელისუფლებაშია და ჩაშლილი ბიზნესპროექტის თანხის უკან დაბრუნებას არ აპირებს.
ფერი ფერსო, - გორგოშაძეზე და ყეინიშვილზეა ნათქვამი, გორგოშაძისა და ყეინიშვილის არგონავტული თავგადასავალი აქ მთავრდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „გორგიას" მეპატრონის ამჟამად უკვე ყოფილი მეუღლე აპირებს აღნიშნული თაღლითური სქემის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართოს.
„ქრონიკა+" „გორგიას" მეპატრონის ყოფილ მეუღლეს ნინო დარსალიას დაუკავშირდა:
„დიახ, ეს ისტორია სიმართლეა. საბოლოო ჯამში, გადაგდებული მე აღმოვჩნდი. დღემდე ვეხვეწები დეპუტატსაც და გია გორგოშაძესაც, რომ ჩემი კუთვნილი თანხა დამიბრუნონ. ისინი ერთმანეთს აბრალებენ. ორივეს მოუწევს პასუხისმგებლობა. სასამართლოსთვის დოკუმენტაცია უკვე მზად გვაქვს, ეს ხანგრძლივი პროცესია და აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. თავად გია გორგოშაძე ბევრ მაქინაციაშია ჩართული. მას ოთხი ფირმა ჰქონდა და ოთხივე მათგანის ბეჭდებს როგორც უნდოდა, ისე იყენებდა, სრულიად ახალ მეტლახს დამსხვრეულში ატარებდა და ისე შემოჰქონდა საბაჟოზე. სწორედ ამ გზით იშოვა მან საკმაოდ დიდი ფული. სხვა ტვირთის დოკუმენტაცია იყო დაფიქრსირებული საბაჟოზე და სხვა იდო კონტეინერში. სწორედ ეს დარღვევა აღმოუჩინა საბაჟოზე ფინანსურმა პოლიციამ და სამართლიანადაც დააჯარიმა. ე.წ. „იმდულინი" არის სახურავი მასალა. მას ერთ-ერთი სერიოზული ქარხანა აქვს თურქეთში. გორგოშაძემ სახურავის სისქე დაათხელებინა, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება დარჩენოდა და ისე შემოიტანა საქართველოში. კლიენტები მოტყუებულები დარჩნენ, სეტყვამ იმწამსვე დახვრიტა დათხელებული სახურავი. ამ თაღლითური მოქმედებების შემდეგ „იმდულინი" ჩაწვა და გორგოშაძეს უსიამოვნებები დაეწყო ქარხნის თურქ მეპატრონესთან. დავა ამ დრომდე გრძელდება. ოღონდ ფასები დაბალი ყოფილიყო და ყველაფერზე თანახმა იყო. ერთხელ უთხრეს კიდეც, რომ ეს გრანიტი და მეტლახი რადიაციულია და არ წაიღოო, მაგრამ ფასი იმდენად დაბალი იყო, რამდენიმე ათეული კონტეინერი შემოიტანა. საქართველოში პირველად ეს იაფი გრანიტი „გორგიას" შოურუმში დააგო. თავიდან ბუზები იხოცებოდნენ. ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, მერე გაირკვა, რომ ბუზები რადიაციის გამო იხოცებოდნენ, ხალხს სახსრების ტკივილები დაეწყო. სამწუხაროდ, ჩემი ყოფილი მეუღლე ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელია.
დაახლოებით 10 მილიონის ქონება გაფორმებული აქვს დებზე, სიძეებზე, მამაზე. თითქოს, იჯარის თანხებს ურიცხავს და ამ გზით ათეთრებს ფულს. მას უამრავი ამგვარი სქემა აქვს მოფიქრებული, ფულის „ლევად" კეთების დიდოსტატია.
ფინანსური პოლიციის სანქციებისგან მისმა მეგობარმა, გავლენიანმა ქალბატონმა იხსნა, მან ე.წ. მწვანე ზოლში ჩასვა. საბაჟოზე მისი კონტეინერი არ იხსნებოდა. ამით სარგებლობდა და რაც უნდოდა, ის შემოჰქონდა. საბაჟოზე ერთი მაფიოზი ჰყავს, ბიჭიკო დევაძე. დღესაც შავი ფულით აკეთებს ბიჭიკო დევაძე „გორგიას" საქმეს. ფინანსური პოლიცია კუდზე აჯდა, ფაქტობრივად, დააკავეს კიდეც, მაგრამ გორგოშაძემ მილიონი ლარი გადაიხადა გირაოს სახით. პროკურატურაში კი მისი გარემოცვის მართლა გულიანმა ქალბატონმა უშველა როგორც ბიჭიკო დევაძეს, ისე კიდევ ხუთ ადამიანს, რომლებიც დღესაც ციხეში იქნებოდნენ, რომ არა ამ კეთილი ქალბატონის დახმარება", - განუცხადა ნინო დარსალიამ „ქრონიკა+"-ს.
„გორგიასა" და გია გორგოშაძის ფინანსური მაქინაციების შესახებ „ქრონიკა+"-ს ინფორმაციას მისი გარემოცვის კიდევ ერთი წევრი აწვდის, რომელმაც, ამ ეტაპზე, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან გამოძიების პროცესში, რომელიც, წყაროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაიწყება, ის მნიშვნელოვანი მოწმეა:
„გია გორგოშაძეს ჰყავს აუდიტი, ზვიად მერაბიშვილი. ციხეში იჯდა ეკონომიკური დანაშაულისთვის. ეს ადამიანი წესიერი კაცია და გორგოშაძის თაღლითური სქემების მსხვერპლი იყო მაშინაც. ზვიად მერაბიშვილი ძველ აუდიტებთან ერთად „გორგიაში" ზის და ფინანსურ დანაშაულებს ასწორებს საკუთარი ხელით. ერთი დიდი ფინანსური დარღვევა ერთი თვის წინ გაასწორეს, ოღონდ ამჯერად „იაღლიში" მოუვიდათ, ყველა დოკუმენტი ამ ფინანსური დარღვევის შესახებ უკვე ფინანსურ პოლიციაშია და, როგორც ჩანს, ზვიად მერაბიშვილს მეორე წრეზე მოუწევს ციხეში წასვლა, გია გორგოშაძე კი აქაც ხელებს დაიბანს, - მე რა შუაში ვარ, არაფერი ვიცოდიო. ეს ხომ მისი ჩვევაა", - უყვება „ქრონიკა+"-ს გორგოშაძის ახლო გარემოცვის წევრი.
და მთავარი სკანდალი, რომელიც გორგოშაძეს წინ ელოდება:
როცა „გორგია" დაფუძნდა და საქმიანობა დაიწყო, კომპანიის განვითარებისთვის შეიკრიბა 8-9-კაციანი დირექტორთა საბჭო და გადაწყვიტა, ერთად აეწია კომპანიის საქმიანობა და რეპუტაცია. გია გორგოშაძე თითოეულ მათგანს კომპანიის მოგებიდან 2-2%-იან წილს დაჰპირდა. დირექტორთა საბჭოს თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი იყო ის, რომ 2 მილიონით დაწყებული კომპანიის ბრუნვა დღეს 60 მილიონი ლარია. ცხადია, გორგოშაძემ დანაპირები არც ამჯერად შეასრულა. დირექტორთა საბჭომ, მას შემდეგ, რაც „გორგიას" მფლობელის ფინანსურ მაქინაციებში ჩაიხედა, ორგანიზაცია დატოვა, ფინანსურ პოლიციას მიმართა და ყველა დოკუმენტაცია, რომელიც გორგოშაძის ფინანსურ დანაშაულს ამხელს, სამართალდამცველ ორგანოებს გადასცა, სასამართლოს მიმართავს ასევე მისი ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია:
„ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ამ თემაზე ლაპარაკი. ორი თვის წინ ისევ მუხლმოდრეკილი მეხვეწებოდა, შემირიგდი, ჩემზე 20 წლით უმცროსი გოგო „შემომატენეს" და აღარ ვიცი, რა ვქნა, შემჭამეს მცხეთელებმა, ყველა ფულს და სახლს მთხოვს, ცოლისძმა აუტანელი ყაჩაღიაო. არადა, იყო დრო, არც კი აღიარებდა, რომ მისი მეუღლე ვიყავი. ჯვარი ქაშვეთის ეკლესიის მოძღვარმა, მამა გიორგიმ დაგვწერა, ჯვრისწერის მოწმობაც მაქვს და მამა გიორგიც ჯანმრთელია, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს. ძნელი სათქმელია, შიზოფრენიის რა სტადიაშია დღეს გია გორგოშაძე, მაგრამ მასთან შერიგებას არ ვაპირებ. კანონის ძალით უნდა დავიბრუნო ის ქონება, რაც მან თაღლითური გზით წამართვა", - აცხადებს ნინო დარსალია „ქრონიკა+"-თან საუბრისას.
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტებისა, რაც „ქრონიკა+"-ს „გორგიას" და მისი მფლობელის საქმიანობის თაობაზე მიაწოდეს. ამის შემდეგ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ გაარკვიოს, ვისი რჩევით და გადაწყვეტილებით მივიდა იმ კომპანიის პრეზენტაციაზე, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს დედაქალაქის მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ გახსნა.