logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ვისაც არ მოსწონს ეს მეთოდი, უკეთესი შემოგვთავაზოს...
- +

17 დეკემბერი. 2016. 10:23




განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კვლავ „კატის მეთოდით" ჩატარდება, თუმცა დასძენს, რომ დაიხვეწება.


„ვისაც არ მოსწონს ეს მეთოდი, უკეთესი შემოგვთავაზოს. კომპიუტერზე დაფუძნებული რომ უნდა იყოს, ფაქტია. პროგრამის გამარტივება-დახვეწასთან ერთად, „კატის" გამოცდებიც დაიხვეწება. ზოგადად, გამოცდა ისეთი რამაა, კმაყოფილები მხოლოდ კარგად ჩამბარებლები არიან. ყველა კმაყოფილი რომ გვყავდეს, სულ უნდა გავაუქმოთ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ხალხზე, ვინც იცის ცოდნის ფასი. ეროვნულ გამოცდებზეც საოცარი კრიტიკა იყო, მაგრამ მიცხრა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


ჯეჯელავა აქვე ეხმიანება გავრცელებულ მოსაზრებას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ მუსიკოსი და ინჟინერი ერთნაირ ტესტებს არ უნდა აბარებდნენ და უმჯობესია, გამოცდები უნივერსიტეტებმა ჩაატარონ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნულმა გამოცდებმა ქვეყანაში ძალიან დიდი საქმე გააკეთა და აბიტურიენტებს საშუალება მისცა, ჩაწყობის გარეშე ჩაებარებინათ. 


„არ ახსოვს ამ ხალხს მექრთამეობა უნივერსიტეტებში? ეროვნულმა გამოცდებმა დიდი საქმე გაგვიკეთა, რადგან აბიტურიენტებს მიეცათ შანსი, ჩაწყობის გარეშე ჩაებარებინათ. მომხრე ვარ, ეროვნულ გამოცდებს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუჩნდეს ალტერნატივა, თუნდაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის. მითუმეტეს, ვაპირებთ, მეტი უცხოელი სტუდენტი მოვიზიდოთ. თუ ეს მეთოდები კარგი იქნება, შეიძლება, გავავრცელოთ სხვა მიმართულებებზეც", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner