აჭარის მაღალმთიანეთის სოფლებში თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობის საგენგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
დიდთოვლობის გამო კვლავ შეზღუდვებია ტრანსპორტის გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. „ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დაზიანებული ელექტროხაზების აღდგენა გამოდარებისთანავე დაიწყება.
„ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ღამის საათებში ელექტროენერგია შეუწყდა უმეტეს ადმინისტრაციულ ერთეულებს. ტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდულია, გარდა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზისა. საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. გუშინ აღდგენილი იქნა ცხემლისი-ნაღვარევის ელექტროგადამცემი ხაზი და ღამის საათებში ელექტროენერგია ყველა სოფელსა და დასახლებულ უბანს მიეწოდებოდა. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს", - აცხადებს შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე.