ემზარ კვიციანი საგარეჯოს არჩევნების გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
„პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ემზარ კვიციანი საგარეჯოს არჩევნების გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურა წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული. საგარეჯოს არჩევნების გამოძიებასა და პოლიტიკურად აქტუალურ სხვა საკითხებზე ემზარ კვიციანი „რეპორტიორს" ესაუბრა.
- ბატონო ემზარ, პროკურატურამ საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების გამოძიება შეაჩერა და განაცხადა, რომ არჩევნებზე კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ელოდით თუ არა ასეთ შედეგს პროკურატურისგან?
- არ ველოდი პროკურატურისგან ასეთი შედეგის დადებას. ვფიქრობდი, რომ პროკურატურაში რაღაც შეიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ. პროკურატურას ვიღაც აშანტაჟებს გარკვეული კადრებით.
საგარეჯოში რომ არჩევნები გაყალბდა, ეს მთელმა საქართველომ იცის. გამოძიებამ ეს ყველაფერი მიჩქმალა, იმიტომ, რომ იყო ზეწოლა. ზეწოლა რითი იყო? იმ კადრებით, რასაც ორი-სამი კვირის წინ ვუყურებდით. ფაქტობრივად ეს არის ტესტი.
ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სასამართლო პროცესი და ჩემი პროკურორი. მე ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცე, მაგრამ მაინც მომისაჯეს 18 წელი. რატომ? იმიტომ, რომ მასაც აშანტაჟებდნენ. იგივე გრძელდება, არაფერი შეცვლილა.
- ვინ აშანტაჟებს პროკურატურის წარმომადგენლებს?
- პროკურატურას აშანტაჟებს ის, ვისაც ამ გამოძიების შეჩერება აწყობდა.
- აპირებთ თუ არა საპროტესტო აქციის გამართვას ან რაიმე მსგავსი მეთოდის გამოყენებას?
- ჯერჯერობით ამაზე საუბრები არ გვქონია. ჩვენ გვეცოდება წნეხის ქვეშ მოქცეული პროკურატურა. მთელი საქართველო წნეხის ქვეშ ვართ და სანამ ეს ასე იქნება, ჩვენი ქვეყანა სულ უკან წავა. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, ვისაც აშანტაჟებენ, ნუ შეშინდებიან და განაცხადონ ეს ხმამაღლა. ჩვენ დავუდგებით მათ გვერდში, მთელი საქართველო დაუდგება გვერდში, ოღონდ ქვეყანას ნუ დაღუპავენ.
- ფარული კადრების გავრცელება ახსენეთ. თქვენი აზრით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კადრების გავრცელებაზე? ასევე ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია?
- არ ვფიქრობ, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. რეფორმა უნდა ჩატარდეს სპეცსამსახურებში და გაიწმინდოს სისტემა იმ ადამიანებისგან, ვინც ამ ყველაფერს სჩადის. არაფერი კომისია არაა საჭირო.
კადრების გადაღების საშუალება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს და უცხოურ სპეცსამსახურებს და უცხოელებს თუ აეკრძალებათ ამის კეთება, კიდევ უფრო კარგი იქნება.
უნდა შეიცვალონ ადამიანები, რომლებიც არიან ჩარჩენილები სააკაშვილის შემდეგ.
- პატრიარქის განცხადებაზეც გკითხავთ. უწმინდესის ინიციატივაა, რომ უვადო პატიმრების საკითხი გადაიხედოს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
- ეს არის აუცილებელი და გადაუდებელი პროცესი, რომელიც უნდა გადაიხედოს. მე ვიცი ორი ადამიანი, რომლებიც უვადო პატიმრობაში სულ ტყუილად იმყოფებიან. ამ ადამიანებს არაფერი აკავშირებთ იმ საქმესთან, რის გამოც ციხეში სხედან. ჩვენ გამოვიარეთ ისეთი პერიოდი, როდესაც ადამიანებს ციხეში სულ ტყუილად უშვებდნენ და ნამდვილ დამნაშავეებს კი მფარველობდნენ. რატომ რჩებიან ეს ადამიანები დღემდე ციხეში, ვერ გამიგია.
საერთოდ, ხელისუფლებამ უცხოეთიდან წამოსული რეკომენდაციების მაგიერ, პატრიარქს დაუგდოს ყური, უკეთესი იქნება და საქართველოს საქმეც ძალიან კარგად წავა.
- „პატრიოტთა ალიანსი" ოპოზიციურ პარტიებთან წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. რა ეტაპზეა მოლაპარაკების პროცესი და არის თუ არა უკვე გარკვეული, რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია 2016 წლის არჩევნებზე?
- ჯერჯერობით ყველაფერი გარკვეული არაა. მიმდინარეობს კონსულტაციები. რა თქმა უნდა, გაერთიანება არ იქნება ყველა ოპოზიციურ ძალასთან. თუკი გაერთიანება არ მოხდება, ჩვენ მარტო გავალთ არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს დავდებთ.