logo_geo
eng_logo
გიორგი აბაშიშვილი: ჩვენი პრიორიტეტია, ყველამ შეძლოს სახელმწიფო ენაზე განათლების მიღება
- +

17 დეკემბერი. 2016. 17:08


 




საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ვისწავლოთ ქართული კონსტიტუციასთან ერთად" წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.


გიორგი აბაშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მრავალფეროვანი გახდება.


„პროექტი ითვალისწინებს ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქეებისათვის მშობილიური ენის შესწავლას განურჩევლად ასაკისა და უკვე ორი წელია წარმატებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ წელს სახელმწიფო ენასთან ერთად დამატებული იქნა ახალი კომპონენტი კონსტიტუციის ელემენტების სახით.

 

მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა მომდევნო წელი გამოაცხადა განათლების წლად, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ყველამ შეძლოს სახელმწიფო ენაზე განათლების მიღება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.


პროექტი „ვისწავლოთ ქართული კონსტიტუციასთან ერთად" ორი წელია საქართველოს რამდენიმე რეგიონში ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობა 73 სოფლის ხუთი ათასზე მეტმა მსმენელმა მიიღო.


ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე პროექტში მონაწილე  სამივე რეგიონის მსმენელები და მათი პედაგოგები, უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner