logo_geo
eng_logo
400 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემა
- +

17 დეკემბერი. 2016. 19:37


 



დევნილთა და განსახლების სამინისტრო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს. 200 ბინა თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში", 200 კი მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.                                                  


დღეს,  248  ერთოთახიანი, 79 ოროთახიანი  და 73 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.


ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო და 400 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მიღება მიულოცა.


„სასიხარულო დღეა  400 დევნილი ოჯახისა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც.  დიდი ბედნიერებაა, რომ  ამდენი წლის განმავლობაში,  მრავალტანჯული დევნილობის შემდეგ, ამ ოჯახებს საკუთარი ბინა ექნებათ. დროებითი თავშესაფარი, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის დაბრუნება ჩვენს საკუთარ მიწაზე და ჩვენს საკუთარ სახლებში, მაგრამ მანამდე, ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


კენჭისყრის პროცედურას მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებიც დაესწრნენ.


დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.


2012 წლის ოქტომბრიდან  დღემდე, საცხოვრებელი ფართი, მთელი საქართველოს მასშტაბით,  8000-ზე მეტმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner