ავტორი ალა გრიგალაშვილი
ქვეყანაში მიმდინარე გახმაურებულ და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით „რეპორტიორს" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ესაუბრა:
- გიორგი დგებუაძის, ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელად „მასტერას" ექსტრადირება განხოციელდა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ფარულ ჩანაწერებს მისი ექსტრადირება?
- არ ვიცი, „მასტერა" კანონიერი ქურდია?! ის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. რაც შეეხება მის კავშირს ფარულ ჩანაწერებთან, მე არ მაქვს ინფორმაცია და ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყობ. მე ცოტა შორს ვარ საგამოძიებო ორგანოებისგან და არ ვარ ჩახედული მათ საქმიანობაში.
- საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას რამდენად ხედავთ, რომელმაც უნდა გამოიძიოს ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები?
- მხოლოდ იმისთვის, რომ არ გვეშინია გამოძიების, მე დავუჭერდი მხარს კომისიის შექმნას. მოდი დავფიქრდეთ, ვინ უნდა შევიდეს ამ კომისიაში... რეგლამენტის მიხედვით, შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა იყოს ოპოზიცია. ახლანდელი ოპოზიციის საკმაოდ დიდ ნაწილზე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი თუ ჩართული არა, მინიმუმ ინფორმირებული მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩანაწერებთან, მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მეორეს მხრივ, კომისიაში უნდა შევიდეს ნახევარზე ნაკლები უმრავლესობა. ამ უმრავლელსობიდან ზოგიერთზე კიდევ არსებობს ეჭვი, რომ მათ გააჩნიათ ფარული ჩანაწერები. რა გამოდის? ეს კომისია უნდა შევქმნათ იმ ხალხისგან, რომელიც მინიმუმ ინფორმაცია ჰქონდათ ჩანაწერებზე და მეორეს მხრივ, იმ ხალხით, რომლებზეც ეს კომპრომატები გააჩნიათ. თქვენი აზრით, რამდენად ობიექტური იქნება ასეთი კომისია? ასე რომ, გაცილებით ობიექტური იქნება გამოძიება გაგრძელდეს იქ, სადაც მიმდინარეობს. ჯერ არანაირი მოტივი იმისა, რომ უნდობლობა გამოვუცხადოთ პროკურატურას, არ გაგვაჩნია. არცთუ ისე დიდი ხანია გამოძიება დაიწყო და პროკურატურას უკვე ჰყავს რამდენიმე ეჭვმიტანილი. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თუ შემდეგ გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ტენდენციურად, ამის შემდეგ არაა გამორიცხული, შეიქმნას კიდეც ასეთი კომისია, ოღონდ მომავალ პარლამენტში, რომელიც შედარებით სუფთა იქნება იმ წარსულისგან, რაზეც ახლა გვიწევს საუბარი. მიამჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიის შექმნა მიიღებს შოუს სახეს, რომელიც გადაფარავს, ააცდენს გზას გამოძიებას.
- ილია მეორე მოუწოდებს პარლამენტს გადახედოს უვადო პატიმართა სიას და ზოგიერთ მათგანს უვადო სასჯელი შეუცვალოს ვადიანით. რას იტყვით პატრიარქის ინიციატივაზე იმ პატიმრებთან დაკავშირებით, რომლებიც ციხეში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის უვადო სასჯელს იხდიან?
- რამდენადაც ვიცი, ახლაც არსებობს სამართლებრივი საშუალება, რომ მუდმივი პატიმრობა შეიცვალოს ვადიანი პატიმრობით. თუ დასახვეწია კანონი, მაშინ მივესალმები, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს. რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჰქონდეს ადამიანს, გარკვეული დროის შემდეგ, მისი ქცევიდან თუ გულწრფელი მონანიებიდან გამომდინარე, შეიძლება დაზარალებულმა მხარემაც კი რაღაც ეტაპზე საჭიროდ ჩათვალოს, რომ შეიცვალოს მის მიმართ უვადო პატიმრობა. პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, მზად ვარ, ჩემი ერთი ხმა გამოვიყენო. ამასთან ვიტყვი, რომ ყველა საქმე ინდივიადუალურია და ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავიდეთ. ყველას თუ შევიწყალებთ, ასე არ გამოვა, რადგან არსებობს დაზარალებული მხარე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს შეურაცხყოფილი. ამიტომ ყველას მიმართ უნდა იყოს ინდივიადულუარი მიდგომა.
- პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნების გამოძიება შეწყვიტა, დამნაშავეები კი არ გამოვლენილან...
- თავად კანონმდებლობა იძლეოდა ლავირების საშუალებას, რომ კანონიერი გზით ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებულიყო სახელისუფლებო რესურსი იმ დოზით, რომელსაც შეეძლო გადაეწყვიტა არჩევნების შედეგი. ასე რომ, არ მაქვს საფუძველი არ დავუჯერო მართლმსაჯულება
- რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ პოლიტიკოსებს ანტირუსულ რიტორიკაში ადანაშაულებს. რა არის ამის საფუძველი? არის თუ არა რუსეთის მიმართ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან გაძლიერებული ანტირუსული რიტორიკა?
- 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსული ხელისუფლების საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან შედარებით კონსტრუქციული გახდა რუსულ მხარესთან თანამშრომლობა, რაც აისახა კიდეც აბაშიძე - კარასანის ორმხრივ მოლაპარაკებებშიც, ამან გარკვეული პოზიტიური შედეგებიც გამოიღო. თუ საუბარს ამ მიმართულებით დავიწყებთ, არათუ ისტერია დაიწყო, პირიქით მიმაჩნია, რომ საქმიანი კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას ჰქონდა ადგილი. თუმცა, პარალელუარად არის მეორე ფრთა, რომელიც ცდილობს შექმნას დაძაბული ფონი. ეს დაახლოებით მაგონებს სააკაშვილის ისტერიკას, რომელიც მას ჰქონდა 2007-08-წლებში და რამაც მიგვიყვანა იმ ცნობილ მოვლენებამდე, როდესაც დამატებით ტერიტორიების 20% დავკარგეთ. ვფიქრობ, ხელისუფლება რომელ შტოსაც არ უნდა წარმოადგენდეს უნდა საუბრობდეს ერთი ენით. მთავრობის წევრების პოზიციები რადიკალურად განსხვავებული არ უნდა იყოს და ასე რომც იყოს, გარეთ ამის გამოტანა, ასეთი სახით არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ მიმაჩნია, ასეთი ქმედებები, არანაირად არ უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ის ნაბიჯები, რომელიც ამ ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობდა, თუნდაც მცირე დადებითი შედეგებით შეიძლება განვითარდეს, ისევ უფრო პოზიტიურისკენ და დავიტოვოთ შესაძლებლობა და მივცეთ შანსი რუსებს უკან წაიღოს თავისი აღიარებები, რომელიც მან უკვე საჯაროდ გამოაცხადა სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის მისამართით. რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ რუსეთი რადიკალურად შეიცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, თუმცა, ისევ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოში ხდება არ არის გამორიცხული, რაღაც პერიოდში საქართველოს მიმართ შეიქმნას პოზიტიური გარემო. ამან შეიძლება უფრო დაგვაახლოვოს იმ პრობლემების გადაწყვეტასთან, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მტკივნეულია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.