ავტორი ალა გრიგალაშვილი
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური „რეპორტიორს" ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ ესაუბრა.
„მხოლოდ იმისთვის, რომ არ გვეშინია გამოძიების, მე დავუჭერდი მხარს კომისიის შექმნას. მოდი დავფიქრდეთ, ვინ უნდა შევიდეს ამ კომისიაში...
რეგლამენტის მიხედვით, შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა იყოს ოპოზიცია. ახლანდელი ოპოზიციის საკმაოდ დიდ ნაწილზე არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ისინი თუ ჩართული არა, მინიმუმ ინფორმირებული მაინც უნდა ყოფილიყვნენ ჩანაწერებთან, მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მეორეს მხრივ, კომისიაში უნდა შევიდეს ნახევარზე ნაკლები უმრავლესობა. ამ უმრავლელსობიდან ზოგიერთზე კიდევ არსებობს ეჭვი, რომ მათ გააჩნიათ ფარული ჩანაწერები. რა გამოდის? ეს კომისია უნდა შევქმნათ იმ ხალხისგან, რომელიც მინიმუმ ინფორმაცია ჰქონდათ ჩანაწერებზე და მეორეს მხრივ, იმ ხალხით, რომლებზეც ეს კომპრომატები გააჩნიათ. თქვენი აზრით, რამდენად ობიექტური იქნება ასეთი კომისია? ასე რომ, გაცილებით ობიექტური იქნება გამოძიება გაგრძელდეს იქ, სადაც მიმდინარეობს.
ჯერ არანაირი მოტივი იმისა, რომ უნდობლობა გამოვუცხადოთ პროკურატურას, არ გაგვაჩნია. არცთუ ისე დიდი ხანია გამოძიება დაიწყო და პროკურატურას უკვე ჰყავს რამდენიმე ეჭვმიტანილი. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თუ შემდეგ გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ტენდენციურად, ამის შემდეგ არაა გამორიცხული, შეიქმნას კიდეც ასეთი კომისია, ოღონდ მომავალ პარლამენტში, რომელიც შედარებით სუფთა იქნება იმ წარსულისგან, რაზეც ახლა გვიწევს საუბარი. მიამჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიის შექმნა მიიღებს შოუს სახეს, რომელიც გადაფარავს, ააცდენს გზას გამოძიებას."- განაცხადა მეჭიაურმა.