ალეპოს მშვიდობიანი მოქალაქეების მხარდასაჭერად, ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ დემონსტრაცია გაიმართა. აქცია ამერიკაში მცხოვრები სირიელების ორგანიზიებით ჩატარდა. უკანასკნელი კვირის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთის დახმარებით ალეპოს უდიდესი ნაწილი დაიკავეს. მეამბოხეები, რომლებიც ექვსი წელია, ასადის რეჟიმს ებრძვიან, ქალაქის მხოლოდ ერთ პროცენტს აკონტროლებენ. 25 ათასამდე ადამიანი ალყაშია და ქალაქიდან გაღწევას ვერ ახერხებს. ვაშინგტონის გარდა, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა სტამბულში, პარიზსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.
აქციის მონაწილეებმა თეთრ სახლთან პერფორმანსი გამართეს, სადაც ისინი ნანგრევებში და სამშენებლო მტვერში დაღუპული ადამიანებს განასახიერებდნენ. დემონსტრაციის ორგანიზატორები თეთრ სახლს სთხოვდნენ, არ დახუჭოს თვალი სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. თეთრი სახლის შემდეგ აქციის მონაწილეები აშშ-ში რუსეთის ელჩის რეზიდენციისკენ გაემართენ. მათ კრემლს მშვიდობიანი მოქალაქეების მკლელობაში დასდეს ბრალი და მოუწოდეს, შეწყვიტოს ასადის რეჟიმის მხარდამჭერა.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მენარ დარმა, „ამერიკის ხმასთან" საუბარში განაცხადა, რომ დემონსტრაციის მიზანია ალეპოს მოსახლეობის მხარდაჭერა, აგრეთვე ამერიკის მთავრობისაგან იმის მოთხოვნა, რომ არ დაუშვას უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა.
„ეს ერთადერთი რამაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია: გამოვხატოთ პროტესტი, რადგან კაცობრიობა ვალდებულია, არ დაუშვას ბავშვების მკვლელობა", - განაცხადა მან.
აქციის მონაწილემ, ირანელმა ჰოსეინ ტორკაშვანდიმ, აღნიშნა, რომ რუსეთსა და ირანს ისეთივე ბრალი მიუძღვის ალეპოში განვითარებულ მოვლენებში, როგორც ასადის რეჟიმს.
„მათ ნახევარი მილიონი ადამიანი შეიწირეს. ეს წარმოუდგენელია", - აღნიშნა ტორკაშვანდიმ.
იმ დროს, როდესაც დემონსტრანტები თეთრ სახლისაგან სისხლისღვრის შეჩერებას ითხოვდნენ, ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში უკანასკნელ პრესკონფერენციას მართავდა. ობამამ საკუთარი მემკვიდრეობა შეაფასა და სირიის ამბებიც მიმოიხილა. მისი თქმით, სირიის ექვსწლიანი კონფლიქტი მისი პრეზიდენტობის ყველაზე რთული მოვლენაა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა ვითარებას ვერ შეცვლიდა.
„საკითხი ეხებოდა ამერიკელი სამხედროების [სირიაში] განლაგებას ყველანაირი საერთაშორისო მანდატისა და კონგრესის მხარდაჭერის გარეშე იმ დროს, როდესაც ჩვენი ჯარები ჯერ კიდევ ავღანეთსა და ერაყში იყვნენ. აგრეთვე, არც ისე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც დავასრულეთ ათწლიანი ომი, რომელზეც ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. არც სირიის ოპოზიცია იყო ერთიანი, რომ ქვეყნის მართვა შეძლებოდა. იდგა სამხედრო სუპერძალის, რუსეთის საკითხი, რომელიც ყველაფერს იღონებდა მისი კლიენტი რეჟიმის გადასარჩენად. გასათვალისწინებელი იყო ირანის საკითხი, რომელსაც საკუთარ სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებდა. უნდა დაგვეკავებინა ტერიტორია სირიის მთავრობისაგან თანხმობის არარსებობისა და რუსეთისა და ირანის წინააღმდეგობის პირობებში", - აღნიშნა ობამამ.
პრეზიდენტის თქმით სისასტიკესა და სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა „ასადის რეჟიმსა და მის მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს, ეკისრებათ".
„ბლუმბერგის" ჟურნალისტის, მაიკ დორნის კითხვაზე, გრძნობს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი მორალურ პასუხისმგებლობას ალეპოში განვითარებულ მოვლენებზე, ობამამ უპასუხა, რომ ის თანამდებობის ყოფნის პერიოდში, ყოველ მომენტში გრძნობდა პასუხიმსგებლობას.
„ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, როდესაც სნაიპერები ბავშვებს ესროდნენ. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, როდესაც მილიონობით ადამიანს მოუწია გადასახლება... ყოველდღე ვეკითხები ჩემ თავს, რისი გაკეთება შემეძლო, რომ გადარჩენილიყო ერთი ბავშვი მაინც, რომელსაც ტანჯვა არ დაუმსახურებია", - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, მოკლევადიანი ამოცანაა ალეპოს ალყაში მომწვდეული მშვიდობიანი მოქალქეებისთვის კორიდორის შექმნა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების განცხადებით, ალეპოში ვითარება კატასტროფულია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ამ კვირაში სირიის სამთავრობო ძალებმა დაახლოებით 82 მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით კი, მოსახლეობას „არსად გასაქცევი არ აქვს". ორგანიზაციის თქმით, ჰუმანიტარული მდგომარეობის გამოსასწორებლად დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო.
ასადის რეჟიმი და მეამბოხეები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმება რამდენჯერმე დაირღვა. სამთავრობო ძალები ოპოზიციას ადანაშაულებენ, ხოლო ოპოზიცია სამთავრობო მედიის ბრალდებებს უარყოფს. ევაკუაციის შეჩერებამ ათასობით ადამიანი ხაფანგში მოამწყვდია.
ასადის მიერ ალეპოს დაკავებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომლის შემდეგ ასადი, სავარაუდოდ, მის რუს და ირანელ მხარდამჭერებთან ერთად, სირიის დასავლეთში მეამბოხეების მიერ დაკავებულ სხვა ტერიტორიებს შეუტევს. მეამბოხეებისთვის ალეპოს დაკარგვა ფუნდამენტურად ცვლის ვითარებას. მათ, სავარაუდოდ, პარტიზანულ ომზე გადასვლა მოუწევთ. სირიის კონფლიქტს დაახლოებით 450 ათასი ადამიანის შეეწირა.