18 დეკემბერს, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, პანკისის ხეობაში განხორციელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო პანკისში".
პროექტის მიზანი ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის პოპულარიზაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
18 დეკემბერს, 14:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის კულტურის ცენტრში სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული კატალოგის „ვაინახური ხელოვნება" (ავტორი თუმი დიშნი) პრეზენტაცია გაიმართება. ასევე გამოიფინება აღნიშნულ კატალოგში შესული ექსპონატები და ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრები.
14:30 საათზე, დუისის კულტურის ცენტრში პედაგოგები მოისმენენ და შემდგომში მოსწავლეებს გაუზიარებენ ცნობილი რუსთველოლოგის ივანე ამირხანაშვილის ლექციას შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" შესახებ; გაიმართება ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაცია, 15:10 საათზე კი დაგეგმილია ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, მუსიკოს რეზო კიკნაძის ბენდის კონცერტი.
დასწრება თავისუფალია.