„თუ დადასტურდა, რასაც გიორგი გასვიანი ამბობს, პირობას გაძლევთ, ის პოლიციელი უმკაცრესად აგებს პასუხს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომში, ჟურნალისტის ცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იბერიას" წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველს ცემაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შემთხვევა გუშინ ბორჯომში მოხდა. გასვიანის მტკიცებით, პოლიციელი, რომელიც ორ პირთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.