პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საკონსტიტუციო კომისიაზე ისაუბრა. მისი თქმით, დასანანია, რომ პრეზიდენტმა უარი განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომისია უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.
„უკვე წელს შედგება პირველი სხდომაც ფართო სპექტრით. ამ ფორმატში სხვადასხვა დაინტერსებული მხარეც იქნება წარმოდგენილი.
ჩვენი პოზიცია თავიდანვე დავაფიქსირეთ - საკონსტიტუციო ცვლილებებისას წამყვან როლს პარლამენტი ასრულებს. ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდან ინიცირებაა შესაძლებელი, სწორედ პარლამენტია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მუშაობა პარლამენტის დომინირებით წარიმართოს. მთავარია, პროცესში ყველა მხარის ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ვგულისხმობ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე, არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტთა ჯგუფს. პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და ეს შედეგის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს - კონსტიტუციას, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. კომისიის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება საბოლოო ტექსტი და პარლამენტში განსახილველად შემოვა. ყველა დოკუმენტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას, თუ თუნდაც ერთ ნორმაზე უარყოფითი დასკვნა გამოგვიგზავნეს, მას კონსტიტუციაში არ მივიღებთ", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, წინა მოწვევის პარლამენტში იყო ფაქტები, როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ნაწილობრივ გაითვალისწინეს, თუმცა ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეეხებოდა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონსტიტუციურ რეფორმაზე ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.