პარლამენტის წევრი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ცნობილ ფეხბურთელ რივალდოსა და ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად ფეხბურთს კიდევ ერთხელ ითამაშებს.
„sportall.ge"-ს ინფორმაციით, კობიაშვილი 25 მარტს ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე" ბრაზილიელი ნახევარმცველის, მარსელინიოს გამოსათხოვარ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. გამოსამშვიდობებელი მატჩის მონაწილეები ასევე ის ფეხბურთელები იქნებიან, რომლებმაც თავის დროზე მარსელინიოსთან ერთად „ჰერტაში" ითამაშეს ან მისი მეგობრები არიან.
როგორც „sportall.ge" წერს, მარსელინიოს მეგობართა გუნდში იქნებიან - რივალდო, კევინ კურანი, ნალდო, ლინკოლნი, დედე, ჟორჟინიო, გრაფიტე, სარპეი და სხვა. ხოლო „ჰერტას" ღირსებას ბოატენგი, ბენ-ჰატირა, ბაშთურქი, რამელოვი, დარდაი, სვერისონი, რემერი, ფრიდრიხი, ბობიჩი, ვან ბურიკი და სხვები დაიცავენ.
41 წლის მარსელინიო 2001-2006 წლებში „ჰერტას" ერთ-ერთი ლიდერი იყო.