ავტორი შორენა ღვაჩლიანი
„პრინციპების მოკლე ვარიანტი შევიმუშავეთ, რომელსაც პარლამენტში აუცილებლად შევიტანთ", - აღნიშნა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორ ზვიად ტომარაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, სადაც იმ კანონპროექტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც „ქართული მიწის დაცვის კომიტეტის" წევრების მიერ არის მომზადებული. ამ კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართული მიწის შეძენა შეეზღუდებათ.
„სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში, საკონსტიტუციო სასამართლომ, პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, არაკონსტიტუციურად ცნო უცხოეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მიწების მიყიდვის აკრძალვა. ამის შემდეგ დაიწყო მიწების გასხვისების ინტენსიური პროცესი.
მოგეხსენებათ, ხელისუფლება შეიცვალა და „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, დაპირებისამებრ, მორატორიუმი შემოიღო მიწების გასხვისებაზე. ამის შემდეგ, ისევ პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. ამის შემდეგ კვლავ იგივე პროცესი წარიმართა. პარლამენტში შევიდა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ჩვენს მიერ გაპროტესტდა. მოგეხსენებათ, მაშინ მიწის დაცვის კომიტეტი შეიქმნა და ამაში უამრავი ადამიანი ჩაერთო.
ეს კანონპროექტი გულისხმობდა, რომ უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დააფუძნებდნენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიულ პირებს, შეეძლოთ ეყიდათ ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწები არა ნაკლებ 20 და არა უმეტეს 200 ჰექტარისა. რაც შეეხებათ საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შეზღუდვები საერთოდ არ ჰქონდათ.
ამის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა პარლამენტის დარგობრივ ეკონომიკურ კომისიასთან. ისეთი კანონპროექტი უნდ შეგვემუშავებინა, რომელიც ჩვენს რეალობას და ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ ნორმებს შეესაბამებოდა. ეს კანონპროექტი შემუშავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ეყო პოლიტიკური ნება წინა პარლამენტს, რომ განხილვები დაეწყო.
როგორ ჩანს, ახლა, არჩევნების შემდეგ ეს საკითხი კვლავ გამწვავდა.
უნდა მივიღოთ ჩვენი რეალობისა და ეროვნული ინტერესების შესაბამისი კანონპროექტი. ამისთვის პრინციპების მოკლე ვარიანტი შევიმუშავეთ, რომელსაც პარლამენტში აუცილებლად შევიტანთ. იქ კი არიან ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივით გამოვლენ", - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა, პროფესორებმა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ჩვენი მომზადებულია, არამედ ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, პროფესორები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. კანონპროექტში ის საკითხებია გათვალისწინებული, რომლებიც სხვადასხვა წარმატებული ქვეყნების კანონმდებლობიდან არის აღებული, როგორიცაა ავსტრია, პოლონეთი, დანია, გერმანია და ა.შ.
ჩამოვთვლი იმ ძირითად საკითხებს, რის მიხედვითაც კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს და შეიზღუდოს. უცხოურ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ, თუ გააჩნიათ 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვა; 2. საქართველოს აგრარულ სექტორში საქმიანობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; 3. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით აქვთ მიღებული; 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ჰქონდეს, თუ მისი დამფუძნებელი და 50-ზე მეტი წილის მესაკუთრე არის საქართველოს მოქალაქე; 5. უცხოურ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშობათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე; 6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულ უცხოურ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ რეესტრში რეგისტრირებული საერთო მიწის რაოდენობის მხოლოდ ათი პროცენტი", - განაცხადა ზვიად ტომარაძემ.