logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: ჩვენს მიწას ყიდიან, კანფეტებს ხომ არა?
- +

19 დეკემბერი. 2016. 17:10


 


„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ამ კვირას თუ არა, მომავალ კვირას აუცილებლად შევა", - განაცხადა „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული მისიის" წევრ გია კორკოტაშვილთან და ყოფილ პოლიტპატიმარ გიორგი ბერეჟიანთან ერთად  „რეპორტიორის" პრესკლუბში ბრიფინგი გამართა. პრესკონფერენციაზე ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვასა და დაანონსებული აქციის შესახებ ისაუბრეს.

 

„საქართველოს პარლამენტში ბევრი ის კანონი მიიღება, რომლის მიღებით საზოგადოება ხშირად გულნატკენი რჩება. ახლა კი გამოვიდა იუსტიციის მინისტრი და თქვა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვა ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება. დღეს ამისთვის საქართველო და ქართველი ხალხი მზად არ არის. ქართველი კაცი დღეს იმდენად დუხჭირად ცხოვრობს, რომ შესაძლოა, მან ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არაგონივრული ნაბიჯი გადადგას და ისტორიული შეცდომა დაუშვას.

 

ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვა კარგს არაფერს მოიტანს. საკუთარ სამშობლოში რომ ქართული მიწა ქართველებს არ ეკუთვნოდეთ, ეს ნორმალურია?! ჩვენ სწორედ ამ საკითხს ვაპროტესტებთ, ქუჩაშიც გამოვალთ და ჩვენს სათქმელს ყველგან ვიტყვით. აქვე მინდა, აქცია დავაანონსო, რომ 20 დეკემბერს, 12 საათზე, პარლამენტის უკანა მხარეს აქციას გავმართავთ.

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გაიყიდოს. ქართველმა კაცმა თუ ამ საკითხის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღო, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია და არ თქვან, რომ საქართველო არსებობს!" - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

 

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტში მომდევნო კვირას შევა.

 

„წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოს პარლამენტში.

 

ჩვენი ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ცვლილებებს ითვალისწინებს. მის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებზე, მოქალაქეობის არმქონე პირებზე აკრძალული იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემა.

 

ჩვენ ამ საკითხის მიმართ უცხო ქვეყნების გამოცდილება და მაგალითები გვაქვს და არ ვითხოვთ ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონებას", - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

„ეს საკითხი თუ ისე არ გადაწყდება, როგორც ქართველ ხალხს სურს, მაშინ სერიოზულ ბრძოლას დავიწყებთ. უკან არაფრის წინაშე არ დავიხევთ, რადგან აღნიშნული საკითხი ძალიან პრინციპულია", - განაცხადა გიორგი ბერეჟიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner