logo_geo
eng_logo
ოპერის თეატრში ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართება
- +

19 დეკემბერი. 2016. 17:56


 


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი წარმოგიდგენთ ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნით კონცერტს.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 20 დეკემბერს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა გაუძღვებიან.


ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი ოპერის თეატრში 20 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება; კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები ალბომიდან „In Winter". აღნიშნული ალბომი 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ის ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლისა და კამერული გუნდის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.


პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, შედგა ევროპული ტურნე. ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა 28 კონცერტი გამართეს  გერმანიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, პოლონეთში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში.


საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. აღნიშნული პროექტით, საქართველოს შესახებ, მსოფლიოში უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო.


ქეთი მელუა ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია - გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი, 1 მილიონი ბილეთი და მიღებული აქვს 56 პლატინის ჯილდო. 2006 წელს, იგი დასახელდა ყველაზე გაყიდვად არტისტად, ხოლო 2007 წელს, მისი ალბომი „Pictures" („სურათები") ევროპული ჩარტების სათავეში მოექცა. 2010 წლის მაისში გამოსცა ალბომი „The House" („სახლი"), რომლის პროდიუსერიც რამდენიმე გრემის მფლობელი, ინგლისელი მუსიკოსი და კომპოზიტორი უილიამ ორბიტია. ქეთი მელუას რიგით მეხუთე ალბომი „Secret Symphony" („საიდუმლო სიმფონია"), 2012 წელს გამოიცა და მასში შევიდა ფრანსუაზა არდის, რონ სექს სმიტის, ფრენსის ჰილისა და ჯიმი კოქსის სიმღერები. მისი მეექვსე ალბომი „Ketevan" ("ქეთევანი"), 2013 წლის 16 სექტემბერს გამოვიდა და პირველივე კვირას არა მხოლოდ ბრიტანული, არამედ ევროპული ჩარტების ლიდერი გახდა.


გორის ქალთა გუნდი 1970 წელს შეიქმნა საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურეატის, შალვა მოსიძის მიერ. გუნდი სხვადასხვა საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსის ლაურეატია, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში, ხოლო რეპერტუარი მოიცავს როგორც ქართველი, ისე ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. 2013 წლიდან გუნდს  თეონა ცირამუა ხელმძღვანელობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner