ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ამ კვირას თუ არა, მომავალ კვირას აუცილებლად შევა", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც უცხოეთის მოქალაქეებზე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე აკრძალული იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემა.
„წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოს პარლამენტში.
ჩვენი ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ცვლილებებს ითვალისწინებს. მის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეებზე, მოქალაქეობის არმქონე პირებზე აკრძალული იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემა.
ჩვენ ამ საკითხის მიმართ უცხო ქვეყნების გამოცდილება და მაგალითები გვაქვს და არ ვითხოვთ ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონებას", - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.