logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: იანვარში „MAN”-ის წარმომადგენლებისგან საინტერესო შემოთავაზებას ველოდებით
- +

20 დეკემბერი. 2016. 00:23


 


თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს. მისი თქმით, ყველაზე მთავარი და ამოსავალი წერტილი ტრანსპორტის განვითარებაა.


„ყველაზე მოცულობითი ნაწილი ტრანსპორტს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენას უჭირავს და ამისთვის  147 მილიონი ლარია გათვალისწინებული;  ასევე პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, რისთვისაც დაახლოებით, 180 მილიონი ლარია გამოყოფილი, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაცისთვის და ავარიული შენობების გამაგრებისთვის -148 მილიონი ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 71 მილიონი  და განათლებისთვის - 110 მილიონი ლარი.

 

ჩვენ სტრატეგიით განსაზღვრულ გეგმას მივყვებით, რომელიც საცობებისგან განტვირთვის 5-მიმართულებიან გეგმასაც მოიცავს. მთავარი პრიორიტეტი, რაზეც 2017 წელს საბიუჯეტო თანხები მიემართება, მეტროს მოძრავი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის განახლებაა. თბილისის მეტრო უკვე 50 წლისაა და ბუნებრივია, რიგ მიმართულებებში რიგ ინვესტირებას საჭიროებს. მიმდინარე წელს 20 ვაგონის მოდერნიზაცია განვახორციელეთ. მომავალ წელს კიდევ ერთი მეტროსადგური, „უნივერსიტეტი" იხსნება და შესაბამისად, ახალი მოძრავი შემადგენლობებია საჭირო. ამისთვის, 30-ზე მეტი ვაგონის მოდერნიზაციას და ასევე, რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაციას ვაპირებთ", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


როგორც მან აღნიშნა, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმას რამდენიმე მიმართულება აქვს. ამ კუთხით გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულდა, ნაწილი პროცესშია, ნაწილი კი 2017 წელს განხორციელდება.


„პირველი ინფრასტრუქტურის მიმართულებაა, რაშიც ახალი გზების მოწყობა იგულისხმება და, სადაც რამდენიმე საინტერესო პროექტი უკვე განვახორციელეთ. ესაა - პუშკინის ესტაკადა, შინდისი-კრწანისის გზა და სამება-მახათის გზა, რამაც მიმდებარე არეალები განტვირთა და გარკვეული სივრცეები შექმნა. ასევე, განხორციელდა საკმაოდ ბევრი ქუჩის კაპიტალური  შეკეთება-რეაბილიტაცია. დაიგო დაახლოებით, 1 400 00 კვ.მ გზა. მომავალი წლის ბიუჯეტში კი, გზების სამუშაოების დაფინანსება 8 მილიონით იზრდება და ეს ჯამში, დაახლოებით, 85 მილიონი ლარი იქნება. გარდა ამისა, მოვაწყვეთ რამდენიმე კვანძი. ესაა სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია, რომელმაც უსაფრთხოების, გამტარუნარიანობისა და ორგანიზებულობის მიმართულებით შედეგი მოგვცა.  შესაძლოა, პიკის საათებში მოძრაობა გადატვირთულია, მაგრამ ამ მონაკვეთში მოძრაობის ნაკადებს თუ დააკვირდებით და ძველს შეადარებთ, ცვლილებას აშკარად დაინახავთ", - განაცხადა ლექვინაძემ.


როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობა რამდენიმე საინტერესო პროექტს ამუშავებს და დონორებთანაც აქტიურად მუშაობს.


„ერთ-ერთია რუსთავიდან მომავალი ავტომაგისტრალის მიმდებარედ დირსის ხიდის მოწყობა. დონორებთან აქტიურად ვსაუბრობთ გელოვანი-სამტრედიის ქუჩაზე დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის საკითხზე, რომელმაც, ჩვენი გადაწყვეტილებით, გარკვეული კორექტირება განიცადა", - განაცხადა ლექვინაძემ.


მისი თქმით, საცობებისგან განტვირთვის გეგმის მეორე მთავარი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა.


„დღეს ახალი ავტობუსების მორიგი მიღება გვქონდა. იანვრის შუა რიცხვებიდან კიდევ ახალ ნაკადს, დაახლოებით 40 ავტობუსს მივიღებთ და საბოლოო ჯამში, მარტში, 143 ავტობუსის მიღებას დავასრულებთ. ამის შემდეგ გადავალთ ახალ ეტაპზე, რათა შედარებით მოკლე ავტობუსები ჩამოვიყვანოთ. ამ კუთხით, რესურსის მოძიებაზე აქტიურად ვმუშაობთ. მინდა, ერთი სიახლის შესახებ  გითხრათ. „MAN"-ს აქვს სერიოზული ინტერესი, საქართველოში და კავკასიაში თავისი საქმიანობა გააფართოოს. იანვარში მათ წარმოადგენლებს ველოდებით და ვფიქრობ, მათგან საინტერესო შემოთავაზებას მივიღებთ. თუ ინტერესთა თანხვედრა იქნება, შესაძლოა, საქართველოში „MAN"-ის ავტობუსების აწყობის მიმართულება განვითარდეს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner