მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობენ.
„მტკიცედ ვგმობ ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობას", - წერს „Twitter"-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.
„ევროკავშირის სახელით სამძიმარი გამოვუცხადე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ელჩის კარლოვის წარმოუდგენელი მკვლელობის გამო", - წერს „Twitter"-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.
რუსეთის ელჩის მკვლელობა დაგმო ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმაც.
„მტკიცედ ვგმობ თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას. სამძიმარს ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს", - წერს მარტინ შულცი.
ფრანგი „მემარჯვენეების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა კი აღნიშნა, რომ როგორც არასოდეს დიალოგს უნდა ჰქონდეს უპირატესობა, რათა ბოლო მოეღოს სირიაში კონფლიქტს.
„მტკიცედ ვგმობ ამ ტერორისტულ აქტს და სამძიმარს ვუცხადებ რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის ელჩის ოჯახის წევრებს. როგორც არასოდეს დიალოგს უნდა ჰქონდეს უპირატესობა, რათა ბოლო მოეღოს სირიაში კონფლიქტს", - ამბობს ფრანსუა ფიიონი.
„გულწრფელად თანავუგრძნობ რუს ხალხს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო", - წერს „Twitter"-ზე საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი მარინ ლე პენი.