შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ლ.მ., წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი: 1984 წელს დაბადებული გ.ქ. და 1988 წელს დაბადებული ლ.გ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, გ.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „იჟ-17"-ის მოდელის 3 არარეგისტრირებული ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 23 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ლ.გ.-ს და ლ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას - „რგდ-5"-ის ტიპის ხელყუმბარა, „უზრგმ"-ის ტიპის ამფეთქი ფალია, თვითნაკეთი რევოლვერი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.