logo_geo
eng_logo
მუხრანის - ბარათაშვილის ხიდი
- +

24 მარტი. 2016. 11:02


გთავაზობთ რუსუდან სტურუას facebook-პოსტს:


მუხრანის - ბარათაშვილის ხიდი


დედაქალაქში ხიდი არაგვის ერისთავმა ააგო. როგორც პლატონ იოსელიანი წერდა: „არაგვის ხიდი აშენებულია XVII საუკუნის დამდეგს, არაგვის მრისხანე ერისთავის, ნუგზარის მიერ", მაგრამ ამ ხიდმა დიდხანს ვერ იარსება. დანგრევის შემდეგ, მისი ბურჯები მდინარის ნაპირებზე დიდხანს ჩანდა და მათი ნაწილი, XX საუკუნის დასაწყისში, ახალი ხიდის მშენებლობისას აუფეთქებიათ.


ხიდი არაგვის ერისთავმა კი ააგო, მაგრამ ის მუხრან-ბატონების სახლების მახლობლად იყო განლაგებული, ქუჩასაც მუხრანის ქუჩას ეძახდნენ და მას „მუხრანის ხიდი" დაერქვა. კარგახანს ასეც იყო ცნობილი, მაშინაც კი, როცა იქ ხიდი აღარ არსებობდა, ადგილს მაინც „მუხრანის ხიდს" ეძახდნენ. XIX საუკუნის პრესაშიც ასე მოიხსენიებოდა...


XIX საუკუნეში, ამ ადგილას, მტკვარზე საბორნე გადასასვლელი მოქმედებდა. მას „მუხრანის ხიდის ბორანი" ერქვა. მტკვარი ბორანს ხშირად, თითქმის ყოველ წელს, იტაცებდა. ბორანი კი კერძო პირებზე იჯარით იყო გადაცემული...


ცხადია, ეს მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა...


ავლაბრისა და ჩუღურეთის მოსახლეობა ამ ადგილას ხიდის აგებას ითხოვდა. ამიტომაც დადგა საკითხი და ქალაქის მმართველობა იძულებული გახდა, ხიდი აეგოთ. ამის შესახებ დადგენილება 1881 წელს მიიღეს, 1882 წელს ინჟინერმა უმანსკიმ ქალაქს ხიდის პროექტი წარუდგინა, მაგრამ სიძვირის გამო დაიწუნეს და პროექტის შედგენა ინჟინერ ლორმანს დაევალა, რომლის პროექტის ღირებულება უმანსკის პროექტის ღირებულების თითქმის ნახევარი იყო. თითქოს ხიდის აშენებას ხელს აღარაფერი უშლიდა, მაგრამ ახლა მტკვრის მარცხენა ნაპირზე მცხოვრები მოქალაქე ახნაზაროვი არ თმობდა მის კუთვნილებაში არსებულ მიწას, ეს პროცესი 1892 წლამდე გაგრძელდა, სანამ სანკტ-პეტერბურგიდან მისი მამულის იძულებითი შესყიდვის შესახებ არ იქნა ნებართვა მიღებული. პირველადი მოთხოვნილება 10 ათასი მანეთი 30 ათასამდე აიყვანა, და შემდეგ მაინც უარი განაცხადა გაყიდვაზე, მიღებული ნებართვის მიღების შემდეგ, თბილისის მმართველობამ სპეციალური კომისია დაადგინა, რომელმაც ახნაზაროვის ქონება მტკიცე ფასებში შეაფასა და ამის მიხედვით გაისტუმრა მეპატრონე.


კიდევ რამდენიმე პროექტი შემუშავდა, საბოლოოდ, კი 1911 წელს, შედუღებისა და ხიდების მშენებლობაში ცნობილი მეცნიერის და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პატონის პროექტზე შეჩერდა არჩევანი. პროექტში პატონმა ორიგინალური თაღოვანი კონსტრუქციები გამოიყენა. ხუთ თვეში აიგო ლითონის ერთმალიანი ხიდი. ლითონის ხიდის მალი შეკიდული იყო ურთიერთდაკავშირებულ ლითონის კონსტრუქციებზე, ხიდის ფენილი მოწყობილი ხის ძელებით გახლდათ. მშენებლობისას ააფეთქეს ძველი ხიდის ბურჯები. სახელწოდება „მუხრანის ხიდი" ახალაშენებულ ხიდზე მემკვიდრეობით გადავიდა.


ხიდი ოფიციალურად 1911 წლის 24 აპრილს გაიხსნა. მის გახსნას ესწრებოდნენ მაშინდელი ქალაქის თავი, ალექსანდრე ხატისოვი და მეფისნაცვალი, გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი. ხიდი დიდი პომპეზურობით გაიხსნა. გაშლილი იყო სუფრა, თავად ხიდი კი, გირლიანდებით იყო მორთული. ხიდის აგების ხარჯები მთლიანად ქალაქის მთავრობის ბიუჯეტიდან გაიცა. ეს იყო უნიკალური ხიდი.


შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი ამიერკავკასიასა და მთელ რუსეთის იმპერიაში. სავალი ნაწილის მოსაფენად ავსტრალიიდან სპეციალურად ევკალიპტის ძელაკებიც კი ჩამოიტანეს. ხიდი 1965 წლამდე ფუნქციონირებდა.


ცნობილია, რომ, როდესაც მის დემონტაჟს იწყებდნენ, გოგლა ლეონიძე ცდილობდა მის გადარჩენას. ვისთან აღარ მივიდა, მაღალ ინსტანციებშიც დადიოდა, ითხოვდა, ხიდი არ დაეშალათ და ახალი ხიდი მის გვერდით აეშენებინათ ან სადმე სხვაგან გადაეტანათ. მაგრამ, ამაოდ, ხიდი მაინც დაშალეს და რადგან ის მთლიანად ლითონისგან იყო შედუღებული, ნაჭერ-ნაჭერ დაჭრეს და სავარაუდოდ, გადაადნეს.


დღევანდელი ხიდი კი, რომელიც უკვე ბარათაშვილის სახელით არის ცნობილი, შედარებით გვიან, 1965 წელს აშენდა (არქიტექტორები - ყავლაშვილი, ქურთიშვილი; ინჟინერი - ქარცივაძე)


ქართულმა კინომ შემოინახა მუხრანის ხიდი, ცნობილ ქართულ ფილმებში: „ჩვენი ეზო", „სხვისი შვილები".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner