ავტორი ალა გრიგალაშვილი
რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ჭორაობას უწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან" კონსულტაციებს გამართავს.
„ამ საკითხზე მოსაზრება არ გამაჩნია, რადგან ეს ამბავი ჯერ არ მომხდარა, ეს არის ჭორაობა ჯერ. როცა მოხდება, მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს... ვინ დაადასტურა, არ ვიცი, ჩვენთან ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ჩვენ რომ გვეტყვიან, მაშინ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას", - განაცხადა ბერძენიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ინფორმაცია გუშინ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა.
„ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ. ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.
თავის დროზე, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მას ღარიბაშვილის „ბედი არ აინტერესებს" და ეს მისთვის საინტერესო მაშინ, იყო, როცა ის პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
„ირაკლი ღარიბაშვილის ბედი მაინტერესებდა მანამ, სანამ ის პრემიერი იყო, ახლა - აღარ. ვერ გეტყვით, თუ სად წავა ყოფილი პრემიერი და რა სფეროში ისურვებს, რომ იყოს. შემიძლია გითხრათ ჩემს თავზე, როცა არ ვიქნები პოლიტიკაში, რას გავაკეთებ, სხვებზე საუბარი არ შემიძლია", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.