logo_geo
eng_logo
ირაკლი მჭედლიშვილი: ისტორიული აზროვნების ინერციამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს
- +

21 დეკემბერი. 2016. 00:28



თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი მჭედლიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, განსხვავებულ მოსაზრებებს ვისმენთ და ყველა მოსაზრებას თავისი საფუძველი აქვს. მისი თქმით, რეგიონში რუსეთისა და თურქეთის ინტერესები საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული.



„თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, თურქეთი ხელს ფეთჰულა გიულენისკენ იშვერს, რომელსაც ცოტა ხნის წინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დააბრალეს.  წინა დღით ვუსმინე ობამასთან ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ალეპოში მომხდარზე პასუხისმგებლობა ასადის მთავრობას, ირანსა და რუსეთს ეკისრება. პუტინი კი ამბობს, რომ ელჩის მკვლელობა იმ ძალებმა განახორციელეს, რომლებიც რუსეთ-თურქეთ-ირანის სამშვიდობო ძალისხმევის  წინააღმდეგნი არიან და ცდილობენ, მათ შორის სამშვიდობო ურთიერთობა ჩაშალონ. ამ ეტაპზე ბევრი არაფრის თქმა არ შეგვიძლია და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

 

სირიასთან მიმართებაში, მათი საერთო ინტერესია, სირია ერთიანი სახელმწიფო იყოს და ასადს საფრთხე არ შეექმნას. თურქეთისთვის ქურთისტანის დამოუკიდებლობა ძალიან მწვავე საკითხია. ქურთები ერთ-ერთი ოპოზიციური ძალაა, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა თანაუგრძნობს და ასადის წინააღმდეგ ერთ-ერთ ოპოზიციურ ძალად განიხილავს. ამან პოტენციურად შესაძლოა, ქურთისტანის სირიიდან გამოყოფა გამოიწვიოს, რამაც შესაძლოა, თურქეთში ჯაჭვური პროცესი გამოიწვიოს. რუსეთისა და თურქეთის საერთო ინტერესს განსაზღვრავს ერთი მხრივ რუსეთის ინტერესი, რომ სირიაზე ასადის კონტროლი შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი თურქეთის ინტერესი, ქურთისტანის დამოუკიდებლობა არ დაუშვას", - განაცხადა მჭედლიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, რუსები და თურქები ქართულ ეკონომიკაში ძალიან ძლიერად არიან წარმოდგენილი.


„არიან ამერიკული და ევროპული კომპანიებიც, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით. ანუ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საქართველოც კი, არა მათი მეტოქეობის, არამედ თანამშრომლობის ასპარეზია. ისტორიული აზროვნების ინერციამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს", - განაცხადა ირაკლი მჭედლიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner