საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმართა ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში გაემგზავრებიან.
„დღეს ჩვენ გაცილებთ უმნიშვნელოვანეს მისიაში, გაცილებთ და ამავე დროს ვფიქრობთ იმ სამსახურზე, რომელიც თქვენ უნდა გაუწიოთ სამშობლოსა და მთელ მსოფლიოს. თქვენ მიბრძანდებით თანამებრძოლებთან ერთად იმისთვის, რომ დაიცვათ მშვიდობა მთელ მსოფლიოში. თქვენ მიბრძანდებით საქართველოს ინტერესების დასაცავად. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო შეძრწუნებულია ტერორიზმის საშინელი აქტებით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი მეგობრები და მებრძოლები, წლების განმავლობაში ამ მისიით და სხვა მისიებით, თქვენამდე იცავდნენ მშვიდობას მთელ მსოფლიოში, თქვენ იცავდით და იცავთ საქართველოს საბრძოლო დროშას, იმ ტრადიციას, რომელიც გვაქვს ქართველ ჯარისკაცებს. ყოველდღე, რომელსაც თქვენ გაატარებთ, თქვენ თვალს გადევნებთ ერთდროულად სიამაყით და ამავე დროზე თქვენზე ფიქრით და თქვენზე ლოცვით. მინდა გითხრათ, რომ მთავარი, რაც თქვენ იქ უნდა გააკეთოთ, ეს არის - დაიცვათ ადამიანის სიცოცხლე, გაუფრთხილდეთ თქვენს სიცოცხლეს და ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის ჯარისკაცის მთავარი მოვალეობა. კიდევ ერთხელ მადლობა სამსახურისთვის, ვიფიქრებ თქვენზე ყოველდღე, ვიდრე თქვენ იქ იქნებით, დაგხვდებით თითოეულს აქ, როდესაც მშვიდობით ჩამობრძანდებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ავღანეთის მისიაში მონაწილე ჯარისკაცების გაცილების ცერემონია გაიმართა.