logo_geo
eng_logo
Renaissance Capital: საერთო ჯამში, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გონივრული და ორთოდოქსულია
- +

21 დეკემბერი. 2016. 20:52



მსხვილი საინვესტიციო ბანკის Renaissance Capital-ის ვარაუდით, „ლარი თავის სამართლიან ღირებულებას 7 პროცენტით ჩამოსცდა (ჩვენი გათვლებით, მისი სამართლიანი ღირებულება დოლართან მიმართებით 2.55 ლარია), რითიც ყველაზე დიდი სხვაობა ფიქსირდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2017 წლის ბოლოსთვის სამიზნე ორიენტირად 2.50 ლარს დავტოვებდით თუ თურქული ლირა დასტაბილურდება. თუმცა თუ ლირა კვლავ გაუფასურდება, ჩვენი რისკზე დაფუძნებული ვარაუდი - 2.75 ლარი 1 აშშ დოლარის მიმართ - ახალი წონასწორული წონასწორული ნიშნული გახდება.


Renaissance Capital -ის ანალიზის მიხედვით, ლარი ნოემბრის დასაწყისიდან 14 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო დეკემბერის დასაწყისიდან დღემდე - 8 პროცენტით. „ქვეყნის ბოლოდროინდელი ანალიზით მივიჩნიეთ, რომ 2.50 ლარი/აშშ დოლართან იქნებოდა ათვლის  წერტილი 2017 წლის ბოლოსთვის, თუმცა იქვე მივუთითეთ, რომ თურქული ლირისა და აზერბაიჯანული მანათის შესუსტების რისკი მაღალი იყო, რის გამოც ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეიძლებოდა 2.75 გამხდარიყო. ამ ნიშნულს ლარმა უფრო ადრე მიაღწია, ვიდრე ვვარაუდობდით.


ამ ბოლოდროინდელ სისუსტეს რამდენიმე მიზეზით ვხსნით: ჩვენი მოსაზრებით, ლარის კურსის ცვლილება გამოწვეულია თურქული ლირის სწრაფი გაყიდვებით. თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია და 2016 წლის პირველ 9 თვეში მასზე მოდიოდა მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 17%. ამდენად, ლირის სისუსტე ლარის სამართლიან ღირებულებას ასუსტებს. მეორე მიზეზია არასახარბიელო სეზონურობა, რაც საქართველოში წელიწადის ამ დროს ტურისტების მცირე ნაკადის შემოდინებით არის განპირობებული, ისევე როგორც ბუნებრივი აირისა და ელ. ენერგიის გაზრდილი იმპორტი - ზაფხულის თვეებთან შედარებით.


Renaissance Capital -ი ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან ერთჯერად ფაქტორებზე, მათ შორის იმაზეც, რომ „ლარი რეაგირებს გაუფასურების მოლოდინზე საზოგადოების მხრიდან დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის მიმართ. ადგილობრივი დამკვირვებლები ფართომასშტაბიანი პანიკის ნიშნებს ვერ ხედავენ და არც დანაზოგების მასიური კონვერტაცია შეინიშნება ლარიდან დოლარში. მოსახლეობაშიც იგივე ქცევის მოდელს ვხედავთ, რაც წინა წელს ხდებოდა ლარის გაუფასურებისას."

 

„ჩვენი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოდელი ცხადყოფს, რომ ლარი თავის სამართლიან ღირებულებას დაახლოებით 7 პროცენტით ჩამოსცდა. ეს ნიშნული ძალიან ახლოსაა ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ადგილზე გაცვლით კურსს შორის ყველაზე დიდ სხვაობასთან, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დავინახეთ. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც იმის ნიშანს, რომ ლარის სისუსტე შეიძლება მის პიკურ მაჩვენებელთან ახლოს იყოს და ამიტომ მალე დაიწყება მდგომარეობის გამოსწორება (ანუ აფასება). თუმცა, როგორც ადრე აღვნიშნეთ, თურქული ლირის დასტაბილურება ამის ძირითადი წინაპირობაა. თუ ლირა კვლავ შესუსტდება, ლარის სამართლიანი ღირებულება ავტომატურად წაყვება მის კვალს. თუ ლარი 2.75 ნიშნულთან ახლოს დასტაბილურდება, მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის რთული იქნება თავიდან აიცილოს სუვერენული რეიტინგის დაქვეითება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ: 1) საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი ერთი კატეგორიის შიგნით დარჩება და 2) საქართველოში ცოტაა გლობალური ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინვესტორთა რაოდენობა, რომლებიც ამ გარემოებით განერვიულდებიან," - ნათქვამია Renaissance Capital -ის ანალიტიკურ სტატიაში.


სტატიის თანახმად, 2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ლარი იმაზე მეტად გაუფასურდა, ვიდრე ფუნდამენტური პრინციპებით იყო აუცილებელი. ამით დადასტურდა, რომ მზად იყო აუცილებელი ზომები განეხორციელებინა ინფლაციის და გაუფასურების მოლოდინის მოსათოკად.


 

„ამჯერად ვვარაუდობთ, რომ მომდევნო 9 თვის განმავლობაში განაკეთის მეტი კლება აღარ მოხდება და პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტზე შენარჩუნდება 2017 წლის მეოთხე კვარტლამდე მაინც. ინფლაცია კვლავ 0.2 პროცენტია წლიდან წლამდე შედარებისას, ე.ი. მომდევნო წლის მიზნობრივი მაჩვენებლის 4 პროცენტიან ნიშნულზე ბევრად ქვემოთ," - ნათქვამია სტატიაში.


„საერთო ჯამში, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გონივრული და ორთოდოქსულია, თან მცურავი გაცვლით კურსის რეჟიმშია. საქართველოს ეროვნული ბანკი მიჰყვება მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმს და შეზღუდული დოზით იყენებს სავალუტო ინტერვენციებს, რათა ისეთი ჭარბი სავალუტო რყევები დაიმორჩილოს, რაც ფუნდამენტური ფაქტორებიდან არ მომდინარეობს. ბევრი ქვეყნის ცენტრალური ბანკი იბრალებს ამ მიდგომას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საქართველოს სავალუტო პოლიტიკის რეჟიმი უდაოდ ძალიან ახლოსაა თავისუფლად მცურავთან. ჯერ ერთი, უნდა ითქვას, რომ საქართველოს  ეროვნულ ბანკს აშკარად ესმის, რომ არ არის აუცილებელი ვალუტა გადაფასებული ჰქონდეს, რაც ბუნებრივია დააზიანებდა საქართველოს ეკონომიკურ მოდელს - რეგიონის ლოგისტიკურ, სავაჭრო და მომსახურების ჰაბად ჩამოყალიბების კონცეფციას. მეორეც, თუკი ლარის დინამიკა ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან შესაბამისობაში დარჩება, ინფლაციის იმპორტირების რისკები დაბალი იქნება, რადგან ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ცვლილება უმნიშვნელო იქნება. მესამეც, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს  უბრალოდ არ გააჩნია საკმარისი რეზერვები (2.8 მილიარდი აშშ დოლარი ანუ ოთხი თვის იმპორტის ტოლფასი), რათა მოცულობითი ინტერვენციები განახორციელოს სავალუტო ბაზარზე.

 

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი არ იყენებს მონეტარული პოლიტიკის არატრადიციულ ინსტრუმენტებს გაცვლით კურსზე გავლენის მოსახდენად. ასეთი იქნებოდა ლარის ლიკვიდობის შეზღუდვა", - ნათქვამია Renaissance Capital -ის სტატიაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner